შსს-ს ზუგდიდის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა სოფელ ცაიშში მცხოვრები ბაკურ მალიშავა და გია გუგუჩია დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, მალიშავამ და გუგუჩიამ მოქალაქე როზა წყაბელია 24 ივლისს, ცაიშში მოსახლეობის შეკრების ადგილიდან ფიზიკური ძალის გამოყენებით გაიყვანეს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მალიშავას და გუგუჩიას სასამართლომ 15-15 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
შსს-ს გადაწყვეტილებით, სამსახურიდან გათავისუფლდა ზუგდიდის სამხარეო მთავარი სამმართველოს საუბნო განყოფილების უფროსი გელა ნარუშვილი, რომელიც ამ ფაქტს შეესწრო, თუმცა, კანონით მასზე დაკისრებული მოვალეობა არ შეასრულა და ზემოაღნიშნული ფაქტი არ აღკვეთა.
შემთხვევა სოფელ ცაიში პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სტუმრობის დროს მოხდა. როზა წყაბელია პრეზიდენტთან შეხვედრას ითხოვდა, როდესაც, სოციალურ ქსელებში გავრცელებული კადრების თანახმად, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პირებმა ქალბატონი ფიზიკური ძალის გამოყენებით, ხელების გადაგრეხვით, უხეშად გაათრიეს და თვალს მიაფარეს.
