საქართველოს ვატიკანის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა
საქართველოს ვატიკანის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა
11:57 19.10.2018
საქართველოს 21-24 ოქტომბერს, ოფიციალური ვიზიტით ვატიკანის საგარეო საქმეთა მინისტრი, პოლ რიჩარდ გალაჰერი ეწვევა.

ვატიკანის საგარეო საქმეთა მინისტრს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი შეხვდება. შეხვედრის დასრულებისას, მინისტრები ერთობლივ პრესკონფერეციას გამართავენ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, პოლ რიჩარდ გალაჰერი ასევე სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს, საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს, პრემიერ მინისტრს მამუკა ბახტაძესა და პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს შეხვდება.

ვატიკანის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივს მიაგებს და გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს. იგი, ასევე, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთს ეწვევა და იქ არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნობა. მინისტრი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრას გამართავს, რომელსაც პროფესორ მასწავლებლები, სტუდენტები, მთავრობის წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სასულიერო პირები დაესწრებიან.

პოლ რიჩარდ გალაჰერი, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ასევე, მცხეთას ეწვევა და სვეტიცხოველსა და ჯვრის მონასტერს მოინახულებს.

ბეჭდვა