ანტიკორუფციული საპარლამენტო ორგანიზაცია (GOPAC) საქართველოს მაგალითის გამოსაყენებლად მზადყოფნას გამოთქვამს
ანტიკორუფციული საპარლამენტო ორგანიზაცია (GOPAC) საქართველოს მაგალითის გამოსაყენებლად მზადყოფნას გამოთქვამს
20:42 18.10.2018
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ვახტანგ მახარობლიშვილი საერთაშორისო ანტიკორუფციული საპარლამენტო ორგანიზაციის (GOPAC) თავმჯდომარეს აკააშ მაჰარაჯის შეხვდა.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას, მინისტრის მოადგილემ, სტუმარს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების, კორუფციასთან ბრძოლის კუთხით მიღწეული პროგრესის, საქართველოსა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემოს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ასევე, კანადისა და საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივების შესახებ.

საუბრისას აღინიშნა, რომ საქართველოში კორუფციის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ევროპის მასშტაბით. ყურადღება დაეთმო ასევე საქართველოს მიღწევებს ღია და ეფექტური მმართველობის კუთხით და აღინიშნა, რომ საქართველომ წარმატებით გაართვა თავი დემოკრატიული ქვეყნების საერთაშორისო ფორუმის "ღია მმართველობის პარტნიორობის" (OGP) თავმჯდომარეობას, რაც ოქტომბრიდან კანადას გადაებარა.

თავის მხრივ, აკააშ მაჰარაჯმა აღნიშნა, რომ კორუფციასთან ბრძოლისა და ეფექტური მმართველობის თვალსაზრისით საქართველო ლიდერია რეგიონში და მისი ორგანიზაცია (GOPAC) მზად არის საქართველოს მაგალითი გამოიყენოს სხვა ქვეყნებთან მუშაობისას.

მან მზადყოფნა გამოთქვა, ორგანიზაციის წევრ ქვეყნებთან ერთად, ხელიშეუწყოს კანადისა და საქართველოს პარლამენტებს შორის კავშირების გაღრმავებას, საქართველოსა და GOPAC-ის წევრი ქვეყნების პარლამენტარებს შორის გამოცდილების გაზიარებასა და ურთიერთთანამშრომლობას.

„უკანასკნელი წლების განმავლობაში კორუფციასთან ბრძოლისა და დემოკრატიული და ღია მმართველობის დანერგვის საკითხებში საქართველომ სანიმუშო პროგრესი განიცადა. განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა სივრცეში თქვენმა ქვეყანამ ბრწყინვალე მაგალითი აჩვენა ანტიკორუფციული ღონისძიებების გატარების თვალსაზრისით და ეს სამაგალითოა როგორც თქვენი ქვეყნისთვის ისე მის საზღვრებს გარეთ“ - განაცხადა აკააშ მაჰარაჯიმ.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში აკააშ მაჰარაჯიმ შეხვედრები ასევე გამართა საქართველოს პარლამენტის პირველ ვიცე სპიკერთან თამარ ჩუგოშვილთან და საქართველოს პარლამენტის კანად-საქართველოს საპარლამენტო თანამეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან ირაკლი მეზურნიშვილთან.


ბეჭდვა