საქართველოს პარლამენტის კანადასთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, ირაკლი მეზურნიშვილი
საერთაშორისო ანტიკორუფციული საპარლამენტო ორგანიზაციის თავმჯდომარეს, აკააშ მაჰარაჯის შეხვდა.
შეხვედრაზე ის პროცესი განიხილეს, რაც საქართველოს პარლამენტმა აღნიშნულ საპარლამენტთაშორისო ორგანიზაციაში გასაწევრიანებლად უნდა გაიაროს.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ კორუფცია დიდი გამოწვევაა, განსაკუთრებით განვითარებადი ქვეყნებისთვის, რადგან ის ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას ამცირებს და აჩერებს. ამიტომ მის წინააღმდეგ საბრძოლველად სხვადასხვა მექანიზმების შემუშავებაა საჭირო.
„მე ვფიქრობ, ამ ორგანიზაციასთან ჩვენი ქვეყნის თანამშრომლობა საინტერესო და მნიშვნელოვანი იქნება. ჩვენ მიზნად დავსახეთ, რომ ჩვენი ქვეყანა გაწევრიანდეს და ამ ორგანიზაციის რუკაზე გაჩნდეს, სადაც 62 წარმატებული ქვეყანაა გაწევრიანებული“, - განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.
სტუმარმა შეხვედრაზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ თავისი მხარდაჭერა გამოხატა და გამოთქვა მზადყოფნა საერთაშორისო ანტიკორუფციული საპარლამენტო ორგანიზაციის ფორმატიდან გამომდინარე, შესაძლებლობის ფარგლებში დაეხმაროს საქართველოს.
შეხვედრაში საქართველოს პარლამენტის კანადასთან მეგობრობის ჯგუფის წევრი, ლევან გოგიჩაიშვილი მონაწილეობდა.
