ნინო გოგუაძე „თავისუფლების სამიტზე“ საქართველო-ევროკავშირის სამომავლო ურთიერთობებზე ისაუბრებს
ნინო გოგუაძე „თავისუფლების სამიტზე“ საქართველო-ევროკავშირის სამომავლო ურთიერთობებზე ისაუბრებს
15:42 18.10.2018
მიმდინარე წლის 19-20 ოქტომბერს, მოლდოვაში, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ნინო გოგუაძე ევროპის კონსერვატორთა და რეფორმისტთა ალიანსის მიერ ორგანიზებულ „თავისუფლების სამიტზე“ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრებს.

„თავისუფლების სამიტი“ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს და ევროკავშირს შორის არსებულ ურთიერთობებს, ამ ქვეყნების დემოკრატიული ტრანსფორმაციის და ეკონომიკური განვითარების საკითხებს შეეხება.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, თავისუფლების სამიტში მონაწილეობას იღებენ ევროპარლამენტის წევრები, ევროკავშირის წევრი ქვეყნის პოლიტიკოსები, ისრაელის, ამერიკის შეერთებული შტატების კვლევითი ორგანიზაციების წამომადგენლები.

„მომავალ წელს აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატის შექმნიდან 10 წელი სრულდება და ამ ფონზე ამ ფორმატის შედეგებზე, მის წარმატებებზე თუ გამოწვევებზე საუბარი პარტნიორ ქვეყნებთან კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს. ამ წლებში საქართველომ ევროკავშირთან პოლიტიკური და ეკონომიკური დაახლოების თვალსაზრისით არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა, როგორიც არის მაგალითად, ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა, თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობის გახსნა, უვიზო მიმოსვლა. მაგრამ საბოლოო მიზნის მიღწევა - ევროკავშირში ინტეგრაცია, ისევ წინ გვაქვს და ევროკავშირის ქვეყნებთან ამაზე სასაუბროდ ყველა შესაძლებლობას ვიყენებთ “ - განაცხადა ნინო გოგუაძემ.



ბეჭდვა