„ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობის“ შეფასებით, მოსახლეობისთვის 300-დან 1500 ლარამდე კომპენსაციის მიცემა სასაცილოა.
ამის შესახებ დღეს, პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე საპარლამენტო ფრაქცია „ქრისტიან–დემოკრატების“ თავმჯდომარემ გიორგი ახვლედიანმა საბიუჯეტო ცვლილებების განხილვაზე განაცხადა.
„ძალიან სერიოზული სამუშაოები ჩატარდა ჩვენი არმიისა და რეზერვის მხრიდან, მაგრამ იყვნენ დასათვალიერებლად ჩასულებიც, „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც რამდენიმე ბოთლი ზეთის დარიგებით იწონებდა თავს“ – აღნიშნა ახვლედიანმა.
მისი თქმით, მაშინ, როდესაც გლეხს ერთი ჰექტარი მიწის დამუშავება 2000 ლარი უჯდება, მისთვის 1 500 ლარის ოდენობის კომპენსაციის მიცემა სასაცილოა, რადგან რეალურად ეს თანხა მის მდგომარეობას ვერ გააუმჯობესებს.
„რეალური კომპენსაცია მინიმუმ 5-დან 10 ათას ლარამდე უნდა იყოს, რომ ადამიანმა მოსავლის ორ–სამ წელიწდში მოყვანა და ინფრასტრუქტურის შექმნა მაინც შეძლოს, რომლის გარეშე ხალხი შიმშილის პირას მივა და ეს აისახება არა მხოლოდ კახელ გლეხზე, არამედ მთელ საქართველოზე“ – აღნიშნა ოპოზიციონერმა დეპუტატმა.
ახვლედიანმა სარეზერვო ფონდებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ გახარჯულ 60 მილიონი ლარზე მთავრობას პასუხი შემოდგომაზე მოეთხოვება.
