საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ საქართველოში გაეროს
ბავშვთა ფონდის (UNICEF) ახლადდანიშნულ წარმომადგენელთან, ღასან ხალილთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.
შეხვედრისას, ღასან ხალილმა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს რწმუნების წერილი გადასცა და საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ხათუნა თოთლაძემ საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის ოფისის ხელმძღვანელს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა და საქართველოს მთავრობის მიერ უკანასკნელ წლებში ბავშვთა უფლებების დაცვის კუთხით გატარებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
ღასან ხალილი ბავშვთა უფლებების დაცვის კუთხით საქართველოს მიერ მიღწეულ ხელშესახებ პროგრესს მიესალმა.
ამასთან, ხათუნა თოთლაძემ ოფისის ხელმძღვანელს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებაზე, მშობლიურ ენაზე განათლების მიღებისა და თავისუფალი გადაადგილების დამატებით შეზღუდვებზე, ადამიანის უფლებათა სხვა უხეშ დარღვევებზე ინფორმაცია მიაწოდა. ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობის მონიტორინგისა და საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის გაეროს ბავშვთა ფონდის აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას და მშობლიურ ენაზე დაფუძნებული მრავალენოვანი განათლების შესახებ UNICEF-ის პროექტის მნიშვნელობა აღინიშნა.
აქვე, ხათუნა თოთლაძემ ღასან ხალილს სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ გააცნო, რომლის ერთ-ერთი მიზანი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის განათლების ყველა საფეხურის ხელმისაწვდომობა და ხარისხიან განათლებაზე წვდომაა.
შეხვედრის დასასრულს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ საქართველოს მთავრობის მიერ გაეროს ბავშვთა ფონდის საქმიანობის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა. თავის მხრივ, ღასან ხალილმა ქართულ მხარესთან მჭიდრო თანამშრომლობაზე მზადყოფნა გამოთქვა.
