საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე წარდგენილ ლაშა თორდიას პარლამენტში გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.
თორდიას კანდიდატურა ბაქრაძემ დღეს, რიგგარეშე სესიაზე ოფიციალურად წარადგინა, რომელსაც პარლამენტი დღის მეორე ნახევარში დაამტკიცებს.
როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, მისთვის ადამიანურად სრულიად გასაგებია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის, ლევან ბეჟაშვილის გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით, კერძოდ ის, რომ ბეჟაშვილს სტიქიით დაზარალებული კახეთის გვერდით დგომა სურს.
„ეს ისეთი მიზეზია, რომელიც ადამიანურადაც და პოლიტიკურადაც სრულიად გასაგებია. რაც შეეხება ლაშა თორდიას, ის პარლამენტში მთავარი დამცველი იყო. მისი გამოცდილება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ კანონის აღსრულებისა და პოლიტპარტიებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან ურთიერთობის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი იქნება“ - აღნიშნა ბაქრაძემ.
ლევან ბეჟაშვილმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება გუშინ გააკეთა, რომლის მიზეზად, კახეთში მომხდარი სტიქია და მისი მხრიდან მოსახლეობისთვის გვერდით დგომის სურვილი დაასახელა.
