მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების შემსრულებელი საწარმოებისთვის დარეგისტრირების ვადის 15 ნოემბრამდე გადაწევას პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა სოციალურ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა
მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების შემსრულებელი საწარმოებისთვის დარეგისტრირების ვადის 15 ნოემბრამდე გადაწევას პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა სოციალურ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა
17:24 16.10.2018
პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა სოციალურ საკითხთა კომიტეტმა სოფო კილაძის მიერ წარმოდგენილ პროექტს „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შესახებ მხარი დაუჭირა.

როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, ვინაიდან საწარმოთა დიდმა ნაწილმა რეგისტრაციის გავლა კანონით გათვალისწინებულ ვადამდე ვერ მოასწრო, კომიტეტმა, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად კანონში ცვლილებების შეტანის გადაწყვეტილება მიიღო, რითაც მოქალაქეებს დაჯარიმებას თავიდან ააცილებდა.

„შრომის უსაფრთხოების შესახებ“ მოქმედი კანონით, 1000 ლარით დაჯარიმებას ყველა ის პირი ექვემდებარებოდა, ვინც მომეტებული საფრთხის შემცველ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებს ახორციელებს და ვალდებული იყო შესაბამისი საქმიანობის ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაცია განეხორციელებინა არაუგვიანეს მიმდინარე წლის 28 სექტემბრისა.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრთა ინიციატივით კანონპროექტი მომზადდა, რომლის მიხედვით, საწარმოთა საქმიანობისთვის ხელშეწყობის მიზნით, ზემოთხსენებულ პირებს შესაბამისი საქმიანობის რეგისტრაციის განხორციელებისთვის მიეცათ გონივრული დამატებითი ვადა მიმდინარე წლის 15 ნოემბრამდე.

ბეჭდვა