ლევან ვეფხვაძის შეფასებით, ივანიშვილის საქციელი პოლიტიკურად არათანმიმდევრულია
ლევან ვეფხვაძის შეფასებით, ივანიშვილის საქციელი პოლიტიკურად არათანმიმდევრულია
13:09 25.07.2012
„ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ვიცე–სპიკერის ლევან ვეფხვაძის შეფასებით, პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი არათანმიმდვერულად იქცევა.
ამის შესახებ ჟურნალისტებს ლევან ვეფხვაძემ ივანიშვილის მიერ 80 მილიონი ლარის სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშზე ჩარიცხვის შეფასებისას განუცხადა.
„ჯერ იძახდა, რომ თუ კარგი ბიჭია სააკაშვილი ნუ მომცემს აბა მოქალაქეობასო და დღეს მოქალაქეობა უკვე არავის არ ახსოვს. მერე ამბობდა, აბა მოვიდეს და წამართვას გადასახდელი ჯარიმებიო და ბოლოს მაინც მოუწია ამ თანხის გადახდა“ - აღნიშნა ვეფხვაძემ.
მისივე თქმით, „ქრისტიან–დემოკრატები“ ადრევე მოუწოდებდნენ ივანიშვილს, რომ თავის დროზე გადაერიცხა 150 მლნ, რითაც ის სააკაშვილს ჩიხურ მდგომარეობაში მოაქცევდა.
„ბიძინა ივანიშვილს ძალიან ხშირად უწევს თავის სიტყვების უკან წაღება, რითაც თავს პოლიტიკურად არათანმიმდევრულ მდგომარეობაში იყენებს“ - მიაჩნია ვიცე-სპიკერს.
ჟურნალისტების კითხვაზე, მოითხოვენ თუ არა, „ქრისტიან–დემოკრატები“ ივანიშვილის მიერ გადარიცხული 80 მილიონის სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ და მოსახლეობისთვის კომპენსაციების გასაცემად გამოყენებას, ვეფხვაძემ განაცხადა, რომ „ივანიშვილს ეს გადაწყვეტილება 1 კვირით ან 3–4 დღით ადრე უნდა მიეღო, მაშინ როდესაც დაინახეს რა უბედურებაც მოხდა“.
„ასეთ დროს მისი ბიუჯეტიდან გამოყოფის მოთხოვნაც შეიძლებოდა“ – აღნიშნა ვეფხვაძემ.
ამასთან, დეპუტატი დაინტერესდა, სად იყვნენ კოალიციის შესაბამისი რაიონების მაჟორიოტარი დეპუტატობის კანდიდატები სტიქიის დროს, რომ ივანიშვილისთვის ინფორმაცია დროულად მიეწოდებინათ.

ბეჭდვა