საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელი საჯად კარიმი,
ბრიუსელში ვიზიტით მყოფ საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს შეხვდა.
“საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა, რომლის ფარგლებშიც ყველა რელევანტურ საკითხს შევეხეთ, მათ შორის ევროკავშირთან ურთიერთობის გაღრმავების გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული უდიდესი პროგრესი აღვნიშნე”- განაცხადა საჯად კარიმმა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ევროპარლამენტარის განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მდგომარეობას შეეხო. ამ კონტექსტში განსაკუთრებით ევროპარლამენტის რეზოლუცია აღინიშნა, რომელიც რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის 10 წლისთავს მიეძღვნა და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია დაგმობილი იქნა. საჯად კარიმმა იმედი გამოთქვა, რომ ახალი პარლამენტი ევროკავშირის დანარჩენი ინსტიტუტების, წევრი ქვეყნების მთავრობებისა და პარლამენტების მხრიდან ოკუპაციის წინააღმდეგ მკვეთრი განცხადებების გაკეთებას უზრუნველყოფს .
„შეხვედრის ფარგლებში ასევე, ვიზა-ლიბერალიზაციაზე ვისაუბრეთ , როგორც ერთ-ერთ მთავარ მიღწევაზე საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებში. ასევე აღვნიშნეთ,რომ ვიზა-ლიბერალიზაციასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე მიმდინარეობს ადექვატური გამკლავება. ჩვენ საქართველოს მთავრობასთან ძალიან პროდუქტიული თანამშრომლობა გვაქვს იმ პრობლემატურ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც ვიზა-ლიბერალიზაციის შედეგად გაჩნდა. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ეს პრობლმები საგრძნობლად შემცირდა,“ - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.
საჯად კარიმის განცხადებით, მინისტრთან შეხვედრაზე ყურადღება ურთიერთობის გაღრმავების სამომავლო პერსპექტივებზე ვაჭრობის განვითარებაზე, ასევე საქართველოსგან ევროკავშირში შემავალი პროდუქტების დივერსიფიკაციაზე გამახვილდა, რაც ინტეგრაციის პროცესს ხელს კიდევ უფრო მეტად შეუწყობს.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიმდინარე წლის 16 ოქტომბერს ბრიუსელს ეწვია, სადაც შეხვედრებს ევროპარლამენტსა და ევროკავშირის ინსტიტუტებში მართავს.
დავით ზალკალიანმა მიმდინარე წლის 15 ოქტომბერს აღმოსავლეთ პარტნიორობის საგარეო საქმეთა მინისტერიალში მონაწილეობა მიიღო, რომელიც ლუქსემბურგში გაიმართა.
