პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე საქართველოში შვედეთის სამეფოს ახლად დანიშნულ
საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ულრიკ ტიდესტრომს შეხვდა.
ირაკლი კობახიძემ ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ შვედეთის საელჩოსთან მჭიდრო და ნაყოფიერი ურთიერთობები კვლავ აქტიურად გაგრძელდება.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების დღის წესრიგი განიხილეს, ასევე საქართველოს ხელისუფლების სოციალურ-ეკონომიკურ პოლიტიკასა და ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე ისაუბრეს.
ირაკლი კობახიძემ ელჩს საკონსტიტუციო და მართლმსაჯულების, ასევე, დაგეგმილი დეცენტრალიზაციისა და პარლამენტის ინსტიტუციური რეფორმები გააცნო.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, რეგიონში არსებული გარემოს მიუხედავად, საქართველო დემოკრატიულ რეფორმებს წარმატებით ახორციელებს.
ულრიკ ტიდესტრომის შეფასებით, ორმხრივი ურთიერთობები წარმატებულად ვითარდება. მან აღნიშნა, რომ შვედეთისთვის საქართველოს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ელჩმა პარლამენტის თავმჯდომარეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერა დაუდასტურა და განაცხადა, რომ შვედეთი ყველა საერთაშორისო ფორმატს იყენებს საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე სასაუბროდ.
მისი თქმით, ის პროგრამები, რომლებსაც შვედეთის სამეფო და შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (SIDA) აფინანსებს გაგრძელდება.
