პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის მიხეილ მაჭავარიანის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის მიერ ფულის გადახდის მთავარი მოტივაცია არა ქველმოქმედება,
არამედ „ქართუ ბანკზე“ ყადაღის მოხსნა იყო.
ამის შესახებ მაჭავარიანმა ჟურნალისტებს პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის მიერ საბიუჯეტო ანგარიშზე 80 მილიონი ლარის ჩარიცხვის შეფასებისას აღნიშნა.
„დღეს დილიდანვე „ქართუ ბანკის“ ყოფილმა მმართველმა და ადვოკატებმა თქვეს, რომ ჯარიმის გადახდის მთავარი მოტივაცია ბანკისთვის ყადაღის მოხსნა ყოფილა. რაც შეეხება ყადაღის მოხსნა–არმოხსნას, ამაზე განცხადებას შესაბამისი სტრუქტურა, აღსრულების ეროვნული ბიურო გააკეთებს“ - განაცხადა მაჭავარიანმა.
ამასთან, მისი შეფასებით, იურიდიულად აბსურდია ის, რომ დაჯარიმებულმა პირმა მოითხოვის გადახდილი ჯარიმის გაკონტროლება - თუ რაზე მიიმართება თანხა.
„რამდენიმე კომპანია ვიცი, რომელიც შარშან დაჯარიმდა. მათგან ერთ–ერთი 200 მილიონი ლარით. წარმოიდგინეთ, მათ, რომ ეთქვათ - ჯარიმის სახით გადახდილი თანხა ერთი კონკრეტული პრობლემის მოსაგვარებლად დახარჯეთო. ვინც კანონმდებლობა იცის, ივანიშვილის განცხადების არსს მიხვდება. მისი განცხადება იაფფასიან პოპულიზმზეა გათვლილი“ – მიაჩნია მაჭავარიანს.
პირველი ვიცე-სპიკერის შეფასებით, ივანიშვილის მიერ გადახდილი ჯარიმები რაზე დაიხარჯება, ეს „ბიუჯეტის შესახებ კანონის“ მიხედვით გადაწყდება და არა კოალიციის ლიდერის კარნახით.
