ნინო წილოსანმა გენდერული თანასწორობის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გამართა
ნინო წილოსანმა გენდერული თანასწორობის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გამართა
09:14 16.10.2018
პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრმა ნინო წილოსანმა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სტუდენტებთან და აკადემიურ პერსონალთან, ასევე „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ ახალციხის ოფისში ადგილობრივ მოსახლეობასთან გამართა საინფორმაციო შეხვედრა გენდერული თანასწორობის, ოჯახში ძალადობისა და დისკრიმინაციის საკითხებზე.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ სახალხო დამცველის აპარატის თანასწორობის დეპარტამენტის წარმომადგენელი გიორგი კაპანაძე და შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელი ქეთი აბულაშვილი, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას სამინისტროში ახლად შექმნილი ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ამოცანები და სამომავლო გეგმები გააცნო.

საუბარი შეეხო ქალთა უფლებებს, მათი პოლიტიკური ჩართულობისა და ეკონომიკური გაძლიერების საჭიროებას, ასევე, დისკრიმინაციასთან ბრძოლის მექანიზმებს.

„ადვილია, ისაუბრო ქალებს გაძლიერებაზე როცა ხარ ქალი და ძნელია, გაიგო, რას ითხოვენ ქალები, როცა ხარ კაცი, მაგრამ ეს აუცილებელია, უფრო სამართლიანი და თანასწორი განვითარებისთვის. გენდერული უთანასწორობის პრობლემის მოგვარების მიმართულებით ბოლო წლებში ნათლად ჩანს დადებითი ტენდენცია. ამისთვის აქტიურად მუშაობენ როგორც სახელმწიფო, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები, თუმცა სრულყოფილი გენდერული პოლიტიკის გასატარებლად ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი. მათ შორის კი აუცილებელია დღევანდელის მსგავსი საინფორმაციო შეხვედრები, სადაც გენდერული თანასწორობის, ოჯახში ძალადობისა და დისკრიმინაციის საკითხებზე გვქონდა საუბარი და საინტერესო დისკუსია,“ - აღნიშნავს პარლამენტის წევრი ნინო წილოსანი.


ბეჭდვა