პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხხილვამდე დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ განცხადება გააკეთა 14 ოქტომბრის, გადაცემა „პოსტკრიპტუმში“ გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით: „მიმაჩნია, რომ დღეს ყველა დეპუტატი ვალდებულია შეფასება მისცეს გუშინ ეთერში გასულ აუდიოჩანაწერებს. უნდა გავერკვეთ რა არის სიმართლე და რა არის გამოგონილი და შესაბამისად გავაკეთოთ რეაგირება“.
ამავე საკითხს გამოეხმაურა საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი რომან გოცირიძე.
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ აღნიშნულთან საკითხზე განაცხადა, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით ბოლომდე უნდა გამოირიცხოს ნებისმიერი ტიპის მანიპულაცია, რომლის შესაძლებლობაც დღეს არსებობს. უნდა გაირკვეს ეს არის რეალური ფაქტები თუ პიარ და ციფრული ტექნოლოგიები, უნდა გაირკვეს წყარო, საიდანაც მოდის ეს ყველაფერი. „ამის უკან მოიაზრება ძალიან დიდი პრაქტიკა და გამოცდილება საზოგადოებაზე ასეთი ტიპის ზემოქმედების ფორმებისა, თუმცა ეს არავის არ ათავისუფლებს იმ პასუხისმგებლობისაგან, რომ საზოგადოება იყოს ბოლომდე ინფორმირებული რასთან გვაქვს საქმე.
პარლამენტის წევრებიც, რა თქმა უნდა, დასკვნებს გავაკეთებთ. თუმცა ჩემთვის დღეს დასკვენების გაკეთებისთვის არაორდინარული სიტუაციაა, ამიტომ დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და შემდეგ ჩამოვყალიბდებით. მთავარია ამ პროცესში სახე არ დავკარგოთ და გავაგრძელოთ იმ პასუხისმგებლობით ჩვენი უფლებამოსილების განხორციელება, რომ კანონპროექტების განხილვის უფლებაც გვქონდეს, დადებითის და უარყოფითის ერთმანეთისაგან გარჩევის მორალური უფლებაც გვქონდეს და ვამართლებდეთ იმ სიტყვას, რასაც პარლამენტის წევრი ქვია“, - განაცხადა რომან კაკულიამ.
ამის შემდეგ კომიტეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილა. საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ წარმოადგინა სარატიფიკაციო დოკუმენტი „რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა (KfW), მაინის ფრანკფურტი, და საქართველოს, წარმოდგენილს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ („მსესხებელი“), შორის სასესხო ხელშეკრულება (აჭარის სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამა, საქართველო)“.
ხელშეკრულება ითვალისწინებს 20 მილიონი ევროს გამოყოფას აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ხულოს, ქედას, შუახევის, ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების სოფლებში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაციისთვის.
კომიტეტის დასკვნაში აისახა აღნიშნულ შეთანხმებასთნ დაკავშირებული შენიშვნები, რომელთა გათვალისწინებითაც კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ დოკუმენტს
საქართველოს პარლამენტის წევრმა რატი იონათამიშვილმა განსახილველად წარმოადგინა სოფიო კილაძის, რატი იონათამიშვილის, დიმიტრი ცქიტიშვილის, ირაკლი ბერაიას, დავით მათიკაშვილის, ვანო ზარდიაშვილის და ანრი ოხანაშვილის საკანონმდებლო ინიციატივა - „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.
მომხსენებლის თქმით, საქართველოს მთავრობის 2018 წლის 27 ივლისის დადგენილებით განსაზღვრა მომეტებული საფრთხის შემცველი, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების ჩამონათვალი, რომლის შესაბამისადაც ყოველ საწარმოს, რომელიც აღნიშნულ სამუშაოებს ახორციელებს, ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში უნდა გაევლო რეგისტრაცია არაუგვიანეს 2018 წლის 28 სექტემბრისა. როგორც მომხსენებელმა განაცხადა, საწარმოთა დიდმა ნაწილმა რეგისტრაციის გავლისათვის იუსტიციის სახლს მიმართა სწორედ ბოლო დღეს. ეს კი დაემთხვა ტაქსების სავალდებულო რეგისტრაციის ბოლო დღეს.
იუსტიციის სახლის რესურსი არ აღმოჩნდა საკმარისი ამ რაოდენობის განაცხადების მისაღებად. ამიტომ, საწარმოთა საქმიანობისთვის ხელშეწყობის მიზნით, წარმოიშვა საჭიროება ამ პირებს მიეცეთ გონივრული დამატებითი ვადა რეგისტრაციისთვის, რაც უზრუნველყოფს მათ შეუფერხებლად ფუნქციონირებას. წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად ეს ვადა განისაზღვრა 2018 წლის 15 ნოემბრამდე. კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.
დღევანდელ სხდომაზე ასევე, კენჭი უყარეს წინა სხდომაზე განხილულ „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტს და თანადართულ დოკუმენტებს, რომელმაც საჭირო რაოდენობის ხმები ვერ დააგროვა.
სხდომაზე მოისმინეს შპს „ბილჯ ვოტერის“ დირექტორის ნოდარ კიკნაძის განცხადება ლიალური წყლის მართვის პრობლემებთან დაკავშირებით. მან ისაუბრა გემებიდან თხევადი ნარჩენებით შავი ზღვის დაბინძურებისა და სახიფათო თხევადი ნარჩენების მართვასთნ დაკავშირებულ პრობლემებზე. საკითხის განხილვაში მონაწილეობდნენ შესაბამისი უწყებების: საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, გარემოს დაცვის ზედამხედველობისა და შეფასების სამსახურების, ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები.
ხანგრძლივი განხილვის შემდეგ კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ გონივრულ ვადაში შედგება კონსულტაციები შესაბამის უწყებებს შორის და ორი თვის შემდეგ საკომიტეტო მოსმენის ფორტმატში კვლავ დაუბრუნდებიან აღნიშნულ საკითხს.
