სტიქიით დაზარალებულ რეგიონებში კოალიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების მონაწილეობით შექმნილი ჯგუფი იმუშავებს, რომელიც მონიტორინგს განახორციელებს.
ამის შესახებ კოალიცია „ქართული ოცნების“ პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნულ ჯგუფს ყოველდღიური კომუნიკაცია არა მხოლოდ კახეთის, არამედ სტიქიით დაზარალებული სხვა რეგიონების მოსახლეობასთანაც ექნება.
პრესსპიკერის განმარტებით, მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც ვერ მიიღებს შესაბამის კომპენსაციას, შესაძლებლობა ექნება სპეციალურ ჯგუფებს მიაკითხოს.
მისივე თქმით, რომ არა სტიქია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ჯარიმის გადახდას არ აპირებდა და რადგან 80 მლნ ლარი უკვე გადახდილია, ხელისუფლებას შესაძლებლობა აქვს დღესვე დაიწყოს მოსახლეობისთვის სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის შესაბამისი კომპენსაციის გაცემა.
„ბიუჯეტში დაუგეგმავი ფული გაჩნდა, შესაბამისად, ხელისუფლება ვეღარ იტყვის, რომ ბიუჯეტში ფული არ არის და ვალდებული იქნება ზარალის ანაზღაურება დაიწყოს. თუ ეს არ იქნება საკმარისი თანხა, ბიძინა ივანიშვილი იპოვის გზას, რომ კიდევ ერთხელ დაეხმაროს მოსახლეობას“ - განაცხადა ფანჯიკიძემ.
მან დღეს გამართულ საგანგებო პრესკონფრენციაზე ბიძინა ივანიშვილის მიერ ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტებიც წარადგინა და აღნიშნა, რომ მოსახლეობა არ უნდა ენდოს სხვა ინფორმაციას იმის თაობაზე - თითქოს თანხა ბიუჯეტში არ ჩარიცხულა.
პრესსპიკერის თქმით, ბიძინა ივანიშვილის მიერ 80 მილიონის გადახდა ვითარებას შეცვლის სააქციო საზოგადოება “ქართუ ჯგუფშიც“.
