პარტია „ახალი მემარჯვენეები“ კახეთის, მცხეთა-მთიანეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარების თაობაზე სამთავრობო ინიციატივებს არასაკმარისად მიიჩნევენ.
ამის შესახებ პარტიის ეკონომიკური მიმართულების ხელმძღვანელმა ლევან კალანდაძემ დღეს ბრიფინგზე განაცხადა.
კალანდაძის თქმით, მიუღებელია დაზარალებულების ერთმანეთთან გათანაბრება, ე.წ უნიფიცირებული მიდგომა, რაც გლეხებისთვის 300-დან 1500 ლარამდე საკომპენსაციო თანხის გაცემას ითვალისწინებს.
მისივე განმარტებით, თითოეული დაზარალებული ოჯახისთვის ზარალის და შესაბამისად საკომპენსაციო თანხის ოდენობა ინდივიდუალურად უნდა განისაზღვროს და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ფულადი დახმარების მოცულობა ოჯახისთვის მიყენებულ ზარალს უნდა შეესაბამებოდეს.
ამავე დროს, „ახლები“ მიიჩნევენ, რომ დაზარალებულ მოსახლეობაზე აქცენტი მხოლოდ კახეთის რეგიონზე არ უნდა კეთდებოდეს და ხელისუფლება დანარჩენი ორი რეგიონის - მცხეთა-მთიანეთისა და სამცხე ჯავახეთის მოსახლეობასაც უნდა დაეხმაროს.
კალანდაძემ აგროდაზღვევის სისტემის აუცილებლობას ხაზი გაუსვა და აღნიშნა, რომ დასავლეთის ბევრი ქვეყნის მსგავსად, დაზღვევის ეს სახე საქართველოშიც იქნებოდა იმის გარანტი, რომ სტიქიური მოვლენების დროს გლეხებსა და ფერმერებს ზარალი მაქსიმალურად აუნაზღაურდეთ.
მან ხელისუფლებას მოუწოდა - დაიწყოს სეტყვის საწინააღმდეგო პრევენციული სისტემების დანერგვა, რომელიც დანაკარგს საშუალოდ შვიდჯერ ამცირებს. მისი თქმით, ეს სისტემა - საზენიტო დანადგარი 15 დან 50 ათას დოლარამდე ღირს. ხოლო მისი ექსპლუატაცია წელიწადში 500-დან 1000 ლარამდე ჯდება.
