თადუმაძის განცხადებით, სააღსრულებომ „ქართუდან“ დროებითი მმართველის მოხსნა დაუყოვნებლივ უნდა მოითხოვოს
თადუმაძის განცხადებით, სააღსრულებომ „ქართუდან“ დროებითი მმართველის მოხსნა დაუყოვნებლივ უნდა მოითხოვოს
10:58 25.07.2012
აღსრულების ეროვნულმა ბიურომ „ქართუ ჯგუფსა“ და „პროგრეს ბანკში“ დროებითი მმართველის მოხსნა დაუყოვნებლივ უნდა მოითხოვოს.  ამის შესახებ „ნიუსპრესს“ კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა შალვა თადუმაძემ განუცხადა.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილისთვის დაკისრებული ჯარიმა უკვე გადახდილია, შესაბამისად, მის მიმართ აღსრულებითი ღონისძიებები უნდა შეწყდეს.
„ჯარიმა უკვე გადახდილია, ამიტომ, სააღსრულებომ დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს, რომ დროებითი მმართველი მოიხსნას აღნიშნული წილების მართვისგან. თუ არ ვცდები, ჩვენმა მხარემაც მიმართა სასამართლოს აღნიშნული მოთხოვით“- განუცხადა „ნიუსპრესს“ თადუმაძემ.
ბიძინა ივანიშვილის ჯარიმა 75 მლნ ლარს შეადგენდა, მან კი, ჯამში 80 მლნ ლარამდე გადაიხადა. ადვოკატის განმარტებით, იძულებითი აღსრულების გამო დამატებით დარიცხული იყო დაკისრებული ჯარიმის 7%.
თადუმაძის თქმით, ჯარიმის გადახდა არ შეცვლის გადაწყვეტილებას აღნიშნული საქმის ევროპულ სასამართლოში გასაჩივრების თაობაზე.
ბიძინა ივანიშვილმა სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად, საქართველოს ბიუჯეტში 80 მლნ ლარი სასამართლოს მიერ მითითებულ ანგარიშზე გუშინ გადარიცხა.
სასამართლომ მას 75 მლნ ლარის ოდენობის ჯარიმა ამომრჩევლის მოსყიდვის მიზეზით დააკისრა, რომლის გადაუხდელობის გამო, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, ყადაღა დაადო ბიძინა ივანიშვილის აქციების 100%-ს სს „ქართუ ჯგუფში“ და აქციების 21.7%-ს სს „პროგრეს ბანკში“.
აღსრულების ბიურომ „ქართუ ჯგუფის“ აქციების 100% და „პროგრეს ბანკის“ 21.7% აუქციონზე გაიტანა, რომელიც 10 ივლისს უშედეგოდ დასრულდა - ქონება არ გაიყიდა, შემდეგ კი, აღსრულების ეროვნული ბიუროს შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართთლომ „ქართუ ჯგუფსა“ და „პროგრეს ბანკში“ იძულებითი მმართველი - ვლადიმერ უგულავა დანიშნა, რომელიც ჯარიმის თანხის სრულ ამოღებმდე მმართველის ყველა უფლებით ისარგებლებდა.

ბეჭდვა