ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე პარლამენტის
დელეგაციის წევრი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავჯდომარე ეკა ბესელია სიტყვით გამოვიდა.
სხდომაზე ადამიანის უფლებათა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ანგარიში „სასამართლოს გარეშე განხილვის პროცედურები სისხლის სამართლის მართლმსაჯულებაში: უპირატესობები და რისკები“ განიხილეს, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის კომიტეტის თავმჯდომარემ, ბორის სილევიჩმა წარმოადგინა.
„საპროცესო შეთანხმების საკითხი ერთ-ერთი პრობლემატურია სისხლის სამართლის პროცესში. მე ვეთანხმები მომხსენებელს, რომ საპროცესო შეთანხმებას აქვს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეები და იმ არგუმენტებს, რაც ანგარიშშია სრულად ვიზიარებ,“-განაცხადა ეკა ბესელიამ.
მისივე თქმით, გასული წლის გასაჩივრების სტატისტიკა ცალსახად აჩვენებს, რომ დღეს საპროცესო გარიგებას ბრალდებული აღიქვამს, როგორც ერთგვარ შეთანხმებას, რომელიც უბრალოდ მართლმსაჯულების პროცესს ამარტივებს.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საპროცესო გარიგებების იძულებითი ხასიათის აღმოსაფხვრელად მყარი გარანტიების შექმნა აუცილებელია.
„2012 წლამდე ევროკომისარი საქართველოში არსებულ პრაქტიკას აკრიტიკებდა. დღეს საქართველო დასახელებულია ამ რეზოლუციის პროექტში, როგორც კარგი მოდელი, დაცვის კარგი სტანდარტი და იმ ქვეყნებს შორისაა, როგორიცაა საფრანგეთი, შვეიცარია და ესტონეთი.
ჩვენ დაცვისთვის მყარი გარანტიები გვჭირდება და დღეს, ეს სტანდარტი ჩვენი კანონმდებლობით გამყარდა,“- აღნიშნა ეკა ბესელიამ.
