მარიამ ჯაში საფრანგეთის სენატის წევრს შეხვდა
მარიამ ჯაში საფრანგეთის სენატის წევრს შეხვდა
13:28 12.10.2018
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, მარიამ ჯაში ფრანგ სენატორს, პიერ-ივ კოლომბას შეხვდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას მარიამ ჯაშმა ფრანგ სტუმარს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის, ასევე ვიზალიბერალიზაციის პროცესის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„შეხვედრაზე აღვნიშნეთ რამდენად მნიშვნელოვანია თბილისში საფრანგეთის განვითარების სააგენტოს სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ოფისის გახსნა, რომელიც შემდგომი თანამშრომლობის საშუალებას გვაძლევს. ფრანგი სენატორის და საფრანგეთის ელჩის მხრიდან სურვილი გამოითქვა, რომ თანამშრომლობა განათლებისა და კულტურის სფეროში კიდევ უფრო გაღრმავდეს. ამ კუთხით, ჩვენ კონკრეტული ინიციატივები განვიხილეთ, რომელიც უკვე სხვადასხვა მუნიციპალიტეტის დონეზე ხორციელდება. შეხვედრაზე ვიმსჯელეთ, როგორ შეიძლება, ორივე მხარემ, ხელი შევუწყოთ განათლების მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერებას და ასევე, ფრანგული სკოლის დაფუძნების კუთხით გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯს შევეხეთ, რომლის ფარგლებში, სასწავლო პროგრამის დამტკიცებასთან დაკავშირებით, გარკვეული საკითხები რჩება,“ - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

შეხვედრის დასასრულს, პიერ-ივ კოლომბამ კომიტეტის თავმჯდომარე საფრანგეთის სენატში მიიწვია.



ბეჭდვა