ტელეკომპანია „მაესტროს“ კუთვნილი ქონების დაყადაღებას მედიაორგანიზაციების წარმომადგენლები დღეს პარლამენტის შენობის წინ გააპროტესტებენ.
ტელეკომპანია „მაესტროს“ კუთვნილი 16 ათასამდე ანტენა, ამდენივე მიმღები და თავაკი, რომელიც უკრაინიდან და თურქეთიდან შემოდიოდა, პროკურატურამ საზღვარზე დააყადაღა.
მედიის წარმომადგენელთა განცხადებით, „მაესტროს“ ქონების დაყადაღება იმ ტენდენციის გაგრძელებაა, რომელიც ხელისუფლებამ ალტერნატიული ინფორმაციის გავრცელების წინააღმდეგ წამოიწყო.
მედია ხელისუფლების ამ ქმედებებს თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯად აღიქვამს და ბრძოლის სამართლიანობის აღდგენამდე, კერძოდ, „მაესტროსთვის“ წართმეული ქონების დაბრუნებამდე აპირებს.
მედიის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ პროკურატურის ბრალდებაში, რომლის საფუძველზეც „მაესტროს“ ანტენები დააყადაღეს, არ არის არავითარი სამართლებრივი არგუმენტი, რომელიც საზოგადოებას დაარწმუნებს, რომ ეს კანონიერი გადაწყვეტილებაა და არა პოლიტიკური ბერკეტი მედიის წინააღმდეგ.
„მაესტროს“ გენერალური დირექტორის ბაჩო კიკაბიძის განცხადებით, იურისტები საერთაშორსიო ორგანიზაციების სახელზე წერილს მოამზადებენ, სადაც მითითებული იქნება საერთაშორისო კონვენციების ის მუხლები, რომლებიც „მაესტროსთან“ მიმართებაში დაირღვა.
მისივე თქმით, ასევე, აღირიცხება ტელეკომპანიისთვის მიყენებული ზარალი, რაც ამ დროისთვის, დაახლოებით, ნახევარი მილიონი აშშ დოლარია. „მაესტროს“ იურისტები, ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით, პროკურატურას უახლოეს ხანებში მიმართავენ.
პროკურატურის ინფორმაციით, „მაესტროს" ანტენები პოლიტიკურ კოალიცია „ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებული კომპანიის - შპს „ელიტა-ბურჯის" წარმომადგენელთა მითითებით, თვალთმაქცური გარიგებების გზით შემოჰქონდა და ისინი „ქართული ოცნების" სასარგებლოდ, ამომრჩევლის მოსყიდვის მიზნით უნდა დარიგებულიყო.
