სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ახალი ხელმძღვანელის თანამდებობაზე საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთ ლიდერს ლაშა თორდიას
პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე დღეს დაამტკიცებენ.
პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის თქმით, მან ბეჟაშვილის შემცვლელად საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლაშა თორდია შეარჩია.
თორდიას ადგილს ადამიანის უფლებათა კომიტეტში სავარაუდოდ მისი პირველი მოადგილე ეკა ხერხეულიძე დაიკავებს.
„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ” კანონის მიხედვით, გენერალურ აუდიტორს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით, 5 წლის ვადით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით საქართველოს პარლამენტი ნიშნავს.
ლევან ბეჟაშვილმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება ორი დღის წინ გააკეთა, რომლის მიზეზად, კახეთში მომხდარი სტიქია და მისი მხრიდან მოსახლეობისთვის გვერდით დგომა დაასახელა.
