სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ ბიუჯეტში ცვლილებების პროექტს პარლამენტი დღეს დაამტკიცებს
სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ ბიუჯეტში ცვლილებების პროექტს პარლამენტი დღეს დაამტკიცებს
09:17 25.07.2012
სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს დეპუტატები დღეს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს რიგგარეშე სხდომაზე დაამტკიცებენ.

როგორც პარლამენტში ინიცირებული ცვლილებების პროექტის განმარტებით ბარათშია ნათქვამი, 162.3 მლნ ლარიდან 82.3 მლნ საბიუჯეტო სახსრებია, ხოლო 80 მლნ - დონორების დაფინანსება.

ახალი პროგრამის – „სტიქიის შედეგების ლიკვიდაცია“ – განსახორციელებლად 50 მლნ ლარი გამოიყოფა, რომლის ფარგლებში მოსახლეობის დაზიანებული სახლების რეაბილიტაცია, დაზარალებულთა საკვები პროდუქტებით მომარაგება, სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მფლობელებისთვის კომპენსაცის გაცემა და სხვა ღონისძებები იგეგმება.

ამასთან, სახელმწიფო ბიუჯეტში კახეთის სოციალურ-ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული განვითარების მიზნით შექმნილი პროგრამის ასიგნება იზრდება.

ბიუჯეტში გათვალისწინებული პროგრამა – „კახეთის განვითარების პროექტის“ დაფინანსება 110.2 მილიონი ლარს შეადგენს, საიდანაც 30.2 მლნ ლარი საბიუჯეტო სახსრებია, ხოლო 80 მლნ – მსოფლიო ბანკის შეღავათიანი კრედიტი.

პროგრამის ფარგლებში საგზაო, ურბანული, ტურისტული და წყალ-კანალიზაციის ინფრასტრუქტურის მოწყობა-რეაბილიტაცია იგეგმება. სამუშაოების მნიშვნელოვანი ნაწილის შესრულება 2012 წელს დასრულდება.

გარდა ამისა, 2.1 მლნ ლარი სპეციალური ტრანსფერის სახით კახეთის რეგიონის თვითმმართველ ერთეულებს გამოეყოფა.

ბეჭდვა