პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის
ხელმძღვანელის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, არ შეიძლება ევროსაბჭომ რუსეთის მიმართ თავისი პრინციპული დამოკიდებულება დათმოს.
მისივე თქმით, დღეს ევროსაბჭოში ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან, თორბიორნ იაგლანდთან დებატები გაიმართება.
„როდესაც დღის წესრიგში დადგა რუსეთის გამო წესებისა და პროცედურების შეცვლის და სანქციების გამარტივების საკითხი, ამაში ასამბლეამ, გარკვეულწილად, გენერალური მდივნის როლიც დაინახა და აღქმული იქნა, რომ ის ამ პროცესს ხელს უწყობდა, რამაც საკმაოდ დიდი გაღიზიანება გამოიწვია.
საპარლამენტო ასამბლეა ფიქრობს, რომ მართალია რუსეთი გადასახადს არ იხდის, რომელსაც უნდა იხდიდეს, მაგრამ არ შეიძლება, რომ ამ გადასახადების გადაუხდელობის ზეწოლით ევროსაბჭომ რუსეთის მიმართ თავისი პრინციპული დამოკიდებულება დათმოს“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
