ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 45-ე რაუნდი გაიმართა, რომლის ფარგლებშიც განსაკუთრებული
აქცენტი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების (IPRM) ეფექტიანი მუშაობის უზრუნველყოფაზე, აგრეთვე არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის მკვლელობის საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულების აუცილებლობაზე გაკეთდა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, თანათავმჯდომარეებმა და მონაწილეებმა ჟენევის მოლაპარაკებების მიმდინარეობა დისკუსიების დაწყებიდან 10 წლის თავზე შეაფასეს. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა ჟენევის ფორმატის ისევე როგორც, გალისა და ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების მნიშვნელოვან როლს კონფლიქტის ესკალაციის პრევენციის საქმეში იმ ფონზე, როცა ადგილზე ინციდენტებსა და პროვოკაციებს ყოველდღიური ხასიათი აქვს. მონაწილეებმა საქართველოდან IPRM-ის წინააღმდეგ რუსეთისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების დესტრუქციული ნაბიჯები დაგმეს. თანათავმჯდომარეებმა, აშშ-ისა და საქართველოს მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს გალისა და ერგნეთის მექანიზმების ჩვეულ სამუშაო რეჟიმში დაბრუნების აუცილებლობას, ფუძემდებლური პრინციპებისა და წესების სრული დაცვით.
აშშ-ის, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და საქართველოს წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ რუსეთის ფედერაცია ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას უხეშად არღვევს და მოსკოვს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების სრულად შესრულებისკენ, მათ შორის, საქართველოს ტერიტორიიდან საოკუპაციო ძალების გაყვანისაკენ მოუწოდეს. ამ კონტექსტში, დაგმობილ იქნა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში რუსეთის უკანონო სამხედრო ყოფნა, გახშირებული სამხედრო წვრთნები და საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტები, რაც მიმართულია ადგილზე ვითარების შემდგომი დესტაბილიზაციისკენ. ამ ფონზე ყურადღება გამახვილდა მოსკოვის მიერ ძალის არგამოყენების ვალდებულების დადასტურებისა და შესრულების ისევე, როგორც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის აუცილებლობაზე.
მონაწილეებმა საქართველოდან რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ფაქტობრივი ანექსიის პროცესის გაგრძელების გამო შეშფოთება გამოთქვეს.
განსაკუთრებული ყურადღების საგანი იყო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ისევე, როგორც საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით გაუარესებული ვითარება. დაგმობილ იქნა საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის გაგრძელება, უკანონო დაკავებები, მათ შორის, მაია ოთინაშვილისა და აკაკი დოთიაშვილის გატაცების შემთხვევები.
დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარ თემას ასევე, გალის რაიონში მიმდინარე ეთნიკური დისკრიმინაცია წარმოადგენდა, რომელიც მკვიდრ ქართველ მოსახლეობას რეგიონის დატოვებასა და უცხოელებად დარეგისტრირებას შორის არჩევანის გაკეთებას აიძულებს. აქცენტი გაკეთდა გალისა და ახალგორის ქართულ სკოლებში განათლების მშობლიურ ენაზე მიღების აკრძალვაზე. აღინიშნა, რომ მსგავსი ქმედებებით მოსკოვი ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის რუსიფიკაციის მიზანმიმართულ პოლიტიკას ახორციელებს.
მონაწილეებმა საქართველოდან და აშშ-დან თავისუფალი გადაადგილებისა და საკუთარ მიწის ნაკვეთებზე წვდომის შეზღუდვის პრობლემებზე, ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვისა და საოკუპაციო ხაზზე დაწესებული სხვადასხვა შეზღუდვების შედეგად შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ და სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე ისაუბრეს.
საქართველოს წარმომადგენლებმა, ხაზი გაუსვეს რუსეთის, როგორც ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი ძალის, პასუხისმგებლობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტებზე.
განხილვის მნიშვნელოვანი საკითხი იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების აუცილებლობა იყო. თანათავმჯდომარეებმა, თანამოდერატორებმა და მონაწილეებმა აშშ-დან და საქართველოდან ყურადღება გაამახვილეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში ამ მნიშვნელოვან საკითხზე საგნობრივი განხილვისა და პროგრესის მიღწევის საჭიროებაზე. მათ რუსეთისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებს ამ საკითხზე დისკუსიებში კონსტრუქციული ჩართულობისკენ მოუწოდეს. მიუხედავად ამისა, მონაწილეებმა მოსკოვიდან, სოხუმიდან და ცხინვალიდან ტრადიციული დესტრუქციულობა გამოიჩინეს, მათ ჰუმანიტარული თემების პოლიტიზირება კვლავ სცადეს და დევნილთა საკითხის განხილვისას მოლაპარაკებების ოთახი დატოვეს.
მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი მიმდინარე წლის 11-12 დეკემბერს გაიმართება.
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზეა შექმნილი. დისკუსიები ორი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში მიმდინარეობს, სადაც მოლაპარაკებების მონაწილეები ინდივიდუალური სტატუსით არიან წარმოდგენილი. პირველი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხები, ხოლო მეორე სამუშაო ჯგუფში - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული მდგომარება, ასევე იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ საცხოვრებელ სახლებში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილება. მოლაპარაკებები ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს თანათავმჯდომარეობით და საქართველოს, რუსეთის ფედერაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობით იმართება. სამუშაო ჯგუფის შეხვედრებს აგრეთვე ესწრებიან ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ისევე, როგორც ცხინვალისა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლები.
