კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად საქართველოს ბიუჯეტში 80 მლნ ლარი გადარიცხა.
როგორც ივანიშვილი სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" თავის ოფიციალურ გვერდზე განთავსებულ ვიდეოჩანაწერში აღნიშნავს, ხელისუფლებამ მას ყველა გზა მოუჭრა და ერთადერთი კანონიერი საშუალება, გასაჭირში მყოფი ადამიანების დასახმარებლად, უკანონოდ დაკისრებული ჯარიმის გადახდა დარჩა.
ივანიშვილის თქმით, მან გუშინ ბიუჯეტში 10 მლნ ლარი გადარიცხა, დღეს კი - სასამართლოს მიერ მითითებულ ანგარიშზე 80 მლნ ლარი ჩარიცხა.
"მათ გაუაზრებელი და გაუგებარი მრავალმილიონიანი ჯარიმა დამაკისრეს, რომლის გადახდასაც არ ვაპირებდი, რომ არა ეს შემთხვევა. მე დაკისრებული ჯარიმის სრული თანხა - 80 მლნ ლარი გადავრიცხე სასამართლოს მიერ მითითებულ ანგარიშზე. აქედან, გამომდინარე ხელისუფლებას ვერ იტყვის, რომ არ აქვს შესატყვისი თანხა. კეთილი ინებონ და სრულად აღუდგინონ მოსახლეობას მიყენებული ზარალი" - განაცხადა ივანიშვილმა.
მისი თქმით, თანხა სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეთა სრულფასოვანი დახმარებისთვის არის განკუთვნილი და მის ხარჯვაზე "ქართული ოცნება" მკაცრ მონიტორინგს განახორციელებს.
ივანიშვილი, ამომრჩევლის მოსყიდვის მიზეზით, სასამართლომ 75 მლნ ლარით დააჯარიმა.
