პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელობამ მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროების უფროსებთან სამუშაო შეხვედრები გამართა
პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელობამ მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროების უფროსებთან სამუშაო შეხვედრები გამართა
15:37 09.10.2018
პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელობასა და მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროს ხელმძღვანელებს შორის სამუშაო შეხვედრები გაიმართა.

შეხვედრა, პარლამენტის აპარატის უფროსმა, გივი მიქანაძემ გახსნა. იგი ღონისძიების მონაწილეებს მიესალმა და აღნიშნული შეხვედრის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროსა და მათ თანამშრომლებთან კოორდინაცია და აქტიური თანამშრომლობა მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ისინი რეგიონებში საქართველოს პარლამენტს წარმოადგენენ. ორდღიანი ღონისძიების მიზანია უშუალო კომუნიკაციის დამყარება, აქტიური თანამშრომლობის დაწყება და იმ საჭიროებების განსაზღვრა, რომლითაც პარლამენტის აპარატი ხელს შეუწყობს ბიუროების საქმიანობას მუნიციპალიტეტებსა და ქალაქებში. ამასთანავე, შეხვედრების ფარგლებში, მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროს წარმომადგენლებს პარლამენტში მიმდინარე რეფორმების და დაგეგმილ აქტივობების თაობაზე ინფორმაციას გავაცნობთ და იმ ახალ გამოწვევებზე ვისაუბრებთ, რომლებიც ახალი კანონმდებლობის ძალაში შესვლის შემდეგ, კონტროლისა და ზედამხედველობის კუთხით, პარლამენტის გაზრდილ ფუნქციებს შეეხება“- აღნიშნა გივი მიქანაძემ.

პარლამენტის აპარატის უფროსის განცხადებით, სამუშაო შეხვედრები იმ შეთავაზებების გაცნობასაც ითვალისწინებს, რომელსაც პარლამენტის აპარატი საკუთარი რესურსების და შიდა ტრენერების გამოყენებით, ბიუროს თანამშრომლებს სთავაზობს.

„თანამშრომლობის შემდეგი ეტაპი, პარლამენტის აპარატის დეპარტამენტებში და კომიტეტების აპარატში ბიუროს თანამშრომლების სტაჟირების გავლას მოიცავს. ასევე, დაგეგმილია ყველა რეგიონში შიდა ტრენერების მიერ სამდღიანი ტრენინგების ჩატარება: სახელმწიფო შესყიდვების, ფინანსური ანგარიშგების, მოქალაქეებთან ურთიერთობის, საქმის წარმოების და ახალი რეგლამენტის თაობაზე. შედეგად, ნოემბერიდან მომავალი წლის ივნისამდე 73 ბიუროს ნახევარზე მეტი თანამშრომელი გადამზადდება“ - განაცხადა გივი მიქანაძემ.

მსგავსი ფორმატის ფართომასშტაბიანი შეხვედრა, საქართველოს პარლამენტის ისტორიაში, პირველად ტარდება.

შეხვედრაზე მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროს უფროსებს ნორმატიული აქტების კრებული და პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელობის სატელეფონო ცნობარი დაურიგდათ.

საირმეში მიმდინარე ორდღიან სამუშაო შეხვედრას, პარლამენტის აპარატის უფროსთან ერთად, მისი ორი მოადგილე, დეპარტამენტების და განყოფილების უფროსები დაესწრნენ.

შეხვედრა საქართველოს პარლამენტის ინიციატივით და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ფინანსური მხარდაჭერით შედგა.

ბეჭდვა