ეკა ბესელიამ სტრასბურგში ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების კუთხით საქართველოს მიღწევებზე ისაუბრა
ეკა ბესელიამ სტრასბურგში ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების კუთხით საქართველოს მიღწევებზე ისაუბრა
15:18 09.10.2018
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში ვიზიტით სტრასბურგში იმყოფება. ქართველმა პარლამენტარმა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიის ფარგლებში, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაში მონაწილეობა მიიღო.

სხდომაზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების თაობაზე მომზადებული მე-10 ანგარიში იყო განხილული.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, როგორც ეკა ბესელიამ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ბოლო წლების განმავლობაში, ევროპულ სასამართლოში საქართველოს მიმართ წარდგენილ საჩივართა მკვეთრი კლების ტენდენცია დაფიქსირდა და ასევე, მკვეთრად შემცირდა საქმეების რაოდენობა, რომელთა თაობაზე საქართველოს მთავრობას შეპასუხება ეთხოვა.

„ამ მონაცემის მიხედვით, საქართველო ერთ-ერთი მოწინავე სახელმწიფოა საქმეების სიმცირის მიხედვით“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ეკა ბესელიამ ასევე აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულება კანონის უზენაესობის უზრუნველსაყოფად და გასაძლიერებლად ერთ ერთი მნიშვნელოვანი საშუალებაა.

„ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მიერ დამკვიდრებული სტანდარტების დაცვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდა დემოკრატიებისთვის, როგორიც საქართველოა. ამიტომაც, ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ ამ საკითხს“, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

ეკა ბესელიამ, ასევე, მადლობა გადაუხადა ევროპის საბჭოს, რომლის პროექტის ფარგლებში, ბატონ მანჩინის ხელმძღვანელობით, 2014-16 წლებში ახალ ცვლილებებზე იმუშავა და ის საქართველოს პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერებას ეხებოდა.

„2016 წელს საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა ჩემი ინიციატივა და დღეს რეგლამენტში გვაქვს ახალი თავი, რომელიც ეხება საპარლამენტო კონტროლს, თუ როგორ სრულდება ევროსასამართლოს გადაწყვეტილებები. ეს ძლიერი მექანიზმია და მას წარმატებით ვიყენებთ. ჩემთვის ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან არჩეული ვარ მეორე ვადით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების ზედამხედველობის ქვეკომიტეტის თავმჯდომარედ და ამ საკითხს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებ“,-განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.


ბეჭდვა