„ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ წევრმა, დეპუტატმა გურამ ჩახვაძემ სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის კომპენსაციების გათვალისწინება 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტშიც მოითხოვა.
როგორც ჩახვაძემ დღეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ბიუჯეტში ცვლილებების პროექტის განხილვისას განაცხადა, 50 მილიონი ლარი სტიქიის მიერ მიყენებული ზიანის აღმოფხვრისთვის და მოსახლეობის კომპენსაციებისთვის შესაძლოა, საკმარისი არ იყოს, ამიტომ, მთავრობამ დაზარალებული მოსახლეობის დახმარება მომავალ წელსაც უნდა გააგრძელოს.
ჩახვაძის ინიციატივას საპარლამენტო უმრავლესობის წევრები არ დაეთანხმნენ და აღნიშნეს, რომ მსგავსი პუნქტის ჩადება 2013 წლის ბიუჯეტში საჭირო არ არის.
ფინანსთა მინისტრის დიმიტრი გვინდაძის განცხადებით, თუ მოსახლეობის დასახმარებლად დამტებითი თანხების მობილიზება გახდება საჭირო, იგი სარეზერვო ფონდებიდან გამოიყოფა.
მისვე თქმით, ზარალი ბოლომდე ჯერ კიდევ არ არის დათვლილი, თუმცა, მინისტრი პირობას დებს, რომ დახმარება ყველა ოჯახის მიმართ ადეკვატური იქნება და ინდივიდუალური მიდგომით მოხდება.
19 ივლისს კახეთში, სამცხე–ჯავახეთში და მცხეთა–მთიანეთში სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის 50 მილიონი ლარი გამოიყოფა, საიდანაც დაზარალებული მოსახლების კომპენსაციები გაიცემა.
რაც შეეხება 110 მლნ ლარს, აღნიშნული თანხა კახეთის განვითარებას მოხმარდება.
