პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე ლაშა თორდიას კანდიდატურის წარდგენა დაადასტურა.
ამის შესახებ ბაქრაძემ დღეს, აბაშაში ჟურნალისტებს განუცხადა.
ბაქრაძის თქმით, მან ამ პოსტზე ლევან ბეჟაშვილის შემცვლელად საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლაშა თორდია შეარჩია.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ბაქრაძეს კონსულტაციები ჰქონდა პრეზიდენტთან.
დავით ბაქრაძე თორდიას კანდიდატურას ხვალ ბიუროს წარუდგენს და ბიუროს სხდომის შემდეგ, მას პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე კენჭისყრით დაამტკიცებენ.
„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ” კანონის მიხედვით, გენერალურ აუდიტორს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით, 5 წლის ვადით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს საქართველოს პარლამენტი.
ლევან ბეჟაშვილმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება გუშინ გააკეთა, რომლის მიზეზად, კახეთში მომხდარი სტიქია და მისი მხრიდან მოსახლეობის გვერდით დგომის სურვილი დაასახელა.
