„ახალი მემარჯვენეები“ კომპენსაციების გაცემას სამცხე-ჯავახეთის სოფლების მოსახლეობისთვისაც მოითხოვენ
„ახალი მემარჯვენეები“ კომპენსაციების გაცემას სამცხე-ჯავახეთის სოფლების მოსახლეობისთვისაც მოითხოვენ
16:48 24.07.2012
პარტია „ახალი მემარჯვენეების" თავმჯდომარე დავით გამყრელიძე, პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ფიქრია ჩიხრაძე და პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები ასპინძის რაიონის სოფელ იდუმალაში სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის მდგომარეობას გაეცნენ.
მათთან ერთად მემარჯვენეების ასპინძის ორგანიზაციის თავმჯდომარე გია ჭელიშვილიც იმყოფებოდა, რომელიც დავით გამყრელიძემ დღეს ახალციხეში, ასპინძის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად დაასახელა.
გამყრელიძის განცხადებით, ასპინძის რაიონის ბევრ სოფელში, მათ შორის იდუმალაში ქარიშხალი არ ყოფილა, მაგრამ სეტყვამ მოსავალი პრაქტიკულად მთლიანად გაანადგურა.
„სტიქიით დაზარალებულ ასპინძის სოფლებში მოსავალი 100%-ით განადგურებულია და მათი ზარალი ზუსტად ისეთივეა, როგორც თელავისა და გურჯაანის რაიონებში. მოსახლეობა მოსავლის გარეშე დარჩა და მომავალ ზაფხულამდე თავს ვერაფრით გაიტანს თუ ხელისუფლებამ ზარალი არ აუნაზღაურა და ადეკვატური კომპენსაცია არ მისცა. ასეთივე მდგომარეობაა სამცხე-ჯავახეთის სხვა დაზარალებულ სოფლებშიც“ - განაცხადა გამყრელიძემ და დასძინა, რომ ზარალის დამდგენმა კომისიამ სამცხე-ჯავახეთის რეგიონსაც უნდა მიხედოს და სამთავრობო პროგრამაში მათი კომპენსაციაც გაითვალისწინოს.

ბეჭდვა