პარლამენტის აპარატის თანამშრომლებისთვის კვალიფიკაციის ამაღლების და ახალი
უნარ-ჩვევების შეძენის მიზნით, ორ სხვადასხვა თემატიკაზე, დღეს ტრენინგების კურსი ჩატარდა. ადამიანური რესურსების და ინსტიტუციური განვითარების დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის, დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის (GGI) ორგანიზებით, შეფასების სისტემის საკითხებზე გამართული ტრენინგი, პარლამენტის აპარატის უფროსმა, გივი მიქანაძემ გახსნა.
აპარატის უფროსი ტრენინგის მონაწილეებს მიესალმა და შეფასების სისტემის, როგორც ერთიანი პროცესის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ამ ტრენინგს უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს. ტრენინგი შესაძლებლობას გვაძლევს, რომ ის პროცესები, რომელიც წელს კანონმდებლობით განისაზღვრა და რომლებსაც პირველად ვიწყებთ, მაქსიმალურად სწორედ ჩავატაროთ და რაც მთავარია, დაცული იყოს სამართლიანობის რეჟიმი, რათა თითოეული თანამშრომელი შეფასდეს იმ დამსახურებებით და საქმიანობით, რასაც ისინი ეწევიან. ადამიანური რესურსების და ინსტიტუციური განვითარების დეპარტამენტის თანამშრომლები ხართ ის ადამიანები, რომლებმაც ფაქტიურად მითითებები უნდა მისცეთ და დააკვალიანოთ ის მენეჯერები, რომლებსაც მათ დაქვემდებარებაში მყოფი პირების შეფასების ვალდებულება კანონმდებლობით აქვთ განსაზღვრული. შესაბამისად, ამ პროცესში თქვენ ჩართულობას და აქტიური მონაწილეობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს“, - აღნიშნა პარლამენტის აპარატის უფროსმა.
გივი მიქანაძე პარლამენტის აპარატის თანამშრომლების შიდა ტრენერთა გადამზადების ტრენინგს დაესწრო და პარლამენტის შიგნით, შიდა ტრენერთა გუნდის განვითარების მნიშვნელობა შეაფასა. მისი განცხადებით, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით, შიდა ტრენერთა გადამზადების მეორე ეტაპი იწყება, რაც პარლამენტს შიდა რესურსის უკეთ გამოყენების შესაძლებლობებს მისცემს. აპარატის უფროსმა შიდა ტრენერების მნიშვნელობაზე საუბრისას აღნიშნა, რომ მათი რესურსის და ცოდნის გამოყენება არა მხოლოდ პარლამენტის აპარატის თანამშრომლებისთვის, არამედ მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროს და აჭარის უმაღლესი საბჭოს თანამშრომლებისთვისაც იგეგმება.
„დღევანდელი საჭიროებები არ შემოიფარგლება მხოლოდ იმ თანამშრომლებით, რომლებიც პარლამენტის აპარატს წარმოადგენენ. მოგეხსენებათ, რომ 73 მაჟორიტარულ ერთეულში გახსნილია 95 ბიურო და მომავალ კვირიდან ბიუროს ხელმძღვანელთან შეხვედრების გამართვას ვიწყებთ. მათთან საუბრის ერთ-ერთ საკითხს კომიტეტის აპარატებში და დეპარტამენტებში ბიუროს თანამშრომლების პერიოდული სტაჟირება წარმოადგენს. შესაბამისად, ამ პროცესში შიდა ტრენერთა გუნდის ჩართულობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. სამუშაო ბევრია, მიზნები და პასუხისმგებლობა საკმაოდ მაღალია და ამაში თქვენი ჩართულობა და მონაწილეობა ძალიან ღირებულია“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.
