„ქრისტიან-დემოკრატები“ კომპენსაციებს სამცხე-ჯავახეთის და მცხეთა-მთიანეთის მოსახლეობისთვისაც ითხოვენ
„ქრისტიან-დემოკრატები“ კომპენსაციებს სამცხე-ჯავახეთის და მცხეთა-მთიანეთის მოსახლეობისთვისაც ითხოვენ
15:50 24.07.2012
„ქრისტიან-დემოკრატები“ კომპენსაციების გაცემას სტიქიით დაზარალებული სამცხე-ჯავახეთის და მცხეთა-მთიანეთის მოსახლეობისთვისაც ითხოვენ.

ამის შესახებ „ქრისტიან-დემოკრატების“ ლიდერმა გიორგი თარგამაძემ დღეს ფინანსთა მინისტრის პირველ მოადგილესთან პაპუნა პეტრიაშვილთან ფრაქციის შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, როგორც კახეთში, ისევე სამცხე-ჯავახეთის და მცხეთა-მთიანეთის მოსახლეობის დიდი ნაწილიც შემოსავლის გარეშე დარჩა.

„სეტყვის შედეგად განადგურებულია ოჯახების საკუთრებაში არსებული სკები, ასევე, ცხოველების გამოსაკვებად პრობლემა იქმნება ჩალასთან დაკავშირებითაც.ზოგან სიმინდის ღეროები ისე განადგურებულია, რომ ჩალადაც კი არ გამოდგება“ – აღნიშნა თარგამაძემ.

გაიცემა თუ არა „ქრისტიან–დემოკრატების“ მიერ დასახელებულ რაიონებში მოსახლეობაზე კომპენსაციები, ამასთან დაკავშირებით პეტრიაშვილი ინფორმაციას არ ფლობს.

მისი თქმით, სამცხე-ჯავახეთის რეგიონისთვის 800 ათასი ლარი მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, უკვე გამოიყო და სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის განსაზღვრული 50 მილიონ ლარიანი ფონდიდან თანხები მხოლოდ კახეთს არ მოხმარდება.
დღეს, პარლამენტში სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტის განხილვა დაიწყო, რომელსაც რიგგარეშე სესიაზე 25 ივლისს დაამტკიცებენ.


ბეჭდვა