ქვეყნის მასშტაბით 3 637-მა საუბნო საარჩევნო კომისიამ ამომრჩეველთა საინფორმაციო ბარათების
დარიგება დაიწყო.
ბარათის მეშვეობით ამომრჩეველი არჩევნების, ასევე მისი საარჩევნო უბნის შესახებ ინფორმაციას მიიღებს და საჭიროებისას ამომრჩეველთა სიაში საკუთარ მონაცემებს გადაამოწმებს.
ცესკო-ს ინფორმაციით, ამომრჩევლებს,
რომლებიც პირველად მონაწილეობენ არჩევნებში, ცესკოს თავმჯდომარისგან, ამომრჩევლის ბარათთან ერთად, ასევე მიიღებენ წერილობით მიმართვას არჩევნების მნიშვნელობისა და მათი მონაწილეობის შესახებ.
თუ ამომრჩეველი 8 ოქტომბრის ჩათვლით არ მიიღებს ბარათს, მას შეუძლია დაუკავშირდეს ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრს ან საკუთარი მონაცემები დამატებით გადაამოწმოს ცესკოს მიერ შეთავაზებული სხვადასხვა ელექტრონული სერვისის საშუალებით. თუ ამომრჩეველი აღმოაჩენს უზუსტობას მონაცემებში, მას შეუძლია 10 ოქტომბრის 18:00 საათამდე წერილობით მიმართოს შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას ან/და იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს.
რაც შეეხება რეგისტრაციიდან მოხსნილ და მისამართის მითითების გარეშე რეგისტრირებულ ამომრჩევლებს-საარჩევნო ადმინისტრაცია კიდევ ერთხელ შეახსენებს მათ, მიმართონ იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმდინარე წლის 7 ოქტომბრის ჩათვლით.
„მნიშვნელოვანია, რომ ამომრჩევლებს საკუთარი და ოჯახის წევრების მონაცემების გადამოწმება შეუძლიათ, როგორც ელექტრონულად შეთავაზებული სერვისების საშუალებით, ისე უშუალოდ საარჩევნო უბანზე, სადაც გამოკრულია ამომრჩეველთა სიის საჯარო ვერსია. ამომრჩეველთა სიები ხელმისაწვდომია ქართულ და ასევე, შესაბამისი უბნებისთვის აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე“ - აცხადებენ ცესკოში.
