პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის „შრომის უსაფრთხოების
შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი თანმდევ კანონპროექტებთან ერთად განიხილა.
მომხსენებლის, პარლამენტის წევრის, დიმიტრი ცქიტიშვილის განმარტებით, კანონპროექტის წარმოდგენა რამდენიმე გარემოებამ განაპირობა.
„პირველ რიგში ამის მიზეზი არის ის, რომ კონსტიტუციის ახალი რედაქციით შრომის უსაფრთხოებას სახელმწიფო არეგულირებს ორგანული კანონით და ასევე, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს გარკვეული ვალდებულებები, რომელიც კანონმდებლობაში უნდა აისახოს,“ - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.
მისივე თქმით, კანონპროექტი ფართო სამოქალაქო ჩართულობის ფორმატში იყო განხილული.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, კანონის გავრცელების სფეროში, პირველ რიგში, მომეტებული საფრთხის შემცველი მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოები შედის.
გათვალისწინებულია 2019 წლის 1-ლი სექტემბრიდან კანონპროექტის მოქმედების არეალის გაფართოვება და კანონი გავრცელდება ეკონომიკური საქმიანობის ყველა დარგის მიმართ, მათ შორის ორგანული კანონით საქართველოს შრომის კოდექსი და „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით მოწესრიგებული შრომითი ურთიერთობის მიმართ, თუმცა რეგლამენტები და სტანდარტები ამ სფეროებზე ბევრად უფრო დაბალი იქნება.
კანონპროექტით საწარმოებში შრომის ინსპექტორის უპირობო დაშვების ვალდებულება ჩნდება.
„იმ პრინციპიდან გამომდინარე, რომ შრომის ინსპექტორი მაქსიმალურად ავტონომიური უნდა იყოს თავის საქმიანობაში და გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში შეეძლოს მყისიერი მოქმედება რისკებზე რეაგირების მიზნით, უნდა იყოს ინსპექტორის უპირობო დაშვება საწარმოებში, რომლის გადაზღვევა მერე ხდება ინსტიტუციების მხრიდან“, - აღნიშნა დიმიტრი ცქიტიშვილმა.
მომხსენებელი სხდომის მონაწილეებს ამ კანონის დარღვევისთვის გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სახდელებზე ესაუბრა. კომიტეტმა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას მხარი დაუჭირა.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი, რომელიც პარლამენტის წევრმა, კობა ლურსმანაშვილმა წარმოადგინა.
კანონპროექტის თანახმად, საზოგადოებრივი ტრანსპორტით უბილეთო მგზავრობისას, დაჯარიმებაზე უფლებამოსილ პირს შესაძლებლობა ექნება სამართალდამრღვევი პირის პირადი მონაცემები საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში გადაამოწმოს. აღნიშნული ცვლილება დაჯარიმებაზე უფლებამოსილ პირს საშუალებას მისცემს საჯარიმო ქვითარში სწორი და სრული მონაცემები ასახოს, რაც შემდგომში საჯარიმო ქვითრის გაუქმებას გამორიცხავს. კომიტეტმა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას მხარი დაუჭირა.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველის მოსმენისთვის განიხილა „პროფესიული კავშირების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი.
კანონპროექტის მიღების მიზეზია საქართველოს კონსტიტუციაში გასული წლის 19 ოქტომბერს განხორციელებული ცვლილება, კერძოდ 26-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით: „ყველას აქვს ორგანული კანონის შესაბამისად პროფესიული კავშირის შექმნისა და მასში გაერთიანების უფლება“. აღნიშნულმა ნორმამ ვალდებულება წარმოქმნა, რომ „პროფესიული კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონი ორგანულ კანონად გარდაიქმნას.
კანონპროექტით დარეგულირებულია პროფესიული კავშირების შექმნის უფლება და მათი დამოუკიდებლობა, პროფესიული კავშირის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები, მისი რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია. კანონპროექტი, ასევე პროფესიული კავშირის ძირითად უფლებებს განსაზღვრავს, კერძოდ მუშაკთა შრომითი და სოციალურ-ეკონომიკური უფლებებისა და ინტერესების დაცვისა და წარმომადგენლობის უფლებას, შრომის კანონმდებლობის დაცვისადმი პროფკავშირული კონტროლის უფლებას და სხვა უფლებებს.
კანონპროექტი პროფესიული კავშირის უფლებათა გარანტიებს ადგენს, როგორებიცაა: პროფესიული კავშირის ქონებრივი და საფინანსო უფლებების გარანტიები, პროფესიული კავშირის ორგანოში არჩეული და ძირითად სამუშაოზე დასაქმებული პროფკავშირული მუშაკის დაცვის გარანტიები, აგრეთვე დამსაქმებლის ვალდებულებები პროფესიული კავშირის საქმიანობისათვის პირობების შესაქმნელად.
კომიტეტმა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას მხარი დაუჭირა.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის რეზოლუციის პროექტის „საქართველოში „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის სააკაშვილ-ბოკერიას დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადების შესახებ“ კენჭისყრა მომდევნო სხდომისთვის გადადო.
რეზოლუციის პროექტის ინიციატორები - საპარლამენტო ფრაქციის ,,საქართველოს პატრიოტები“ წევრები და კომიტეტის წევრები შეთანხმდნენ, რომ სამუშაო ფორმატში რეზოლუციის პროექტით გათვალისწინებული მოთხოვნებისთვის სამართლებრივად სწორი ფორმულირების მიცემა მოხდება.
რეზოლუციის პროექტის თანახმად, საქართველოში „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობა სააკაშვილ-ბოკერიას დანაშაულებრივ რეჟიმად უნდა გამოცხადდეს, ექვსი თვის ვადაში პასუხისმგებლობა დაეკისროს სააკაშვილ-ბოკერიას დანაშაულებრივი რეჟიმის ყველა მთავარ ფიგურანტს, სათანადოდ დაისაჯონ ყველა რეზონანსული საქმის დამნაშავე პირები და საქართველოს პარლამენტმა უზრუნველყოს ამ რეზოლუციის აღსრულების ოპერატიული კონტროლი.
