ფინანსთა მინისტრის მოადგილის პაპუნა პეტრიაშვილის განცხადებით, სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის სესხები და გადასახდელი პროცენტების ოდენობა ჯერ დათვლილი არ არის.
ამის შესახებ პეტრიაშვილმა დღეს საპარლამენტო ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატებთან“ საბიუჯეტო ცვლილებების პროექტის განხილვისას განაცხადა.
აღნიშნული საკითხით „ქრისტიან-დემოკრატები“ დაინტერესდნენ, რაზეც პეტრიაშვილმა აღნიშნა, რომ ჯერჯერობით უცნობია რა ოდენობის კრედიტები აქვთ ჯამში აღებული სტიქიით დაზარალებულ გლეხებს და შესაბამისად არ არის დათვლილი, თუ რა ოდენობის პროცენტის გადახდას აპირებს სახელმწიფო.
პეტრიაშვილის თქმით, ხელისუფლება ამ ეტაპზე ბანკებთან, სესხის პროცენტის სახელმწიფოს მიერ დაფარვის რამდენიმე სქემაზე მუშაობს და გადაწყვეტილებას, უახლოეს მომავალში მიიღებს.
„ერთ-ერთ სავარაუდო სქემად სახელმწიფოს მიერ კერძო ბანკებში საპროცენტო მოსამსახურების ეროვნული ბანკის მეშვეობით დაფარვა განიხილება. სქემას ჯერ ვამუშავებთ. ბანკებთან ვსაუბრობთ სესხის პროცენტის სახელმწიფოს მიერ დაფარვაზე“ – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
ამასთან, პეტრიაშვილმა არ გამორიცხა, რომ ამ მხრივ სახელმწიფოს დახმარება არა ერთწლიანი, არამედ ორწლიანიც იყოს.
