კახეთის რეგიონში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობა 10 დღის ვადაში დაზუსტდება
კახეთის რეგიონში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობა 10 დღის ვადაში დაზუსტდება
14:54 24.07.2012
კახეთის რეგიონში სტიქიით მიყენებული ზარალის ოდენობა შესაბამისმა კომისიამ 10 დღის ვადაში უნდა დააზუსტოს.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა დღეს კახეთში, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო საგანგებო შტაბის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერმა მხარის გუნებრნატორისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების შესახებ ანგარიში მოისმინა.

კახეთში პრეზიდენტის რწმუნებულის გიორგი ღვინიაშვილის განცხადებით, რეგიონში დაზიანებული სახლების 80 პროცენტი უკვე აღდგენილია. გუბერნატორის თქმით, დაახლოებით 20 დღეში აღნიშნული პრობლემა სრულად მოგვარდება.

კახეთში პრეზიდენტის რწმუნებულის მოადგილის, გიორგი სიბაშვილის განმარტებით, რეგიონში სურსათის დარიგება ინტენსიურად მიმდინარეობს. მისი თქმით, თელავში მოსახლოების 80 პროცენტს სასურსათო პაკეტი უკვე დაურიგდა, დახმარება მიიღო თელავის სოფლებისა და დანარჩენი სამი მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 60 პროცენტმა. დაზარალებული მოსახლეობის სურსათით უზრუნველყოფა დაახლოებით, 4 დღეში დასრულდება.

პრემიერმა ადგილობრივ ხელისუფლებას დაავალა, რომ დაზარალებულების რეგისტრაცია და კატეგორიებად დაყოფა 10 დღის ვადაში მოხდეს, რის შემდეგაც დაზუსტებული სიები ჯანდაცვის სამინისტროს უნდა გადაეცეს, რომელიც მათთვის ფულადი კომპენსაციების გაცემას ბანკის მეშვეობით დაიწყებს. კომპენსაციების გაცემა 1 კვირის ვადაში უნდა დასრულდეს.

მერაბიშვილის განმარტებით, დაზარალებულ მოსახლოებას სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების კრედიტები უკვე გადავადებული აქვს, ხოლო თუ ვინმეს ამ მიმართულებით პრობლემა შეექმნება, ადგილობრივ ხელისუფლებას უნდა მიმართოს.

რაც შეეხება დაზარალებული ოჯახებიდან სტუდენტებისთვის სწავლის გადასახადის გადავადებას, სახელმწიფო გრანტის არმქონე სტუდენტების რეგისტრაცია 1 სექტემბრამდე უნდა დასრულდეს, რათა გადასახადის ოდენობა დაზუსტდეს.

პრემიერის თქმით, შტაბის მუშაობა იმ დრომდე გაგრძელდება, ვიდრე სტიქიის შედეგები საბოლოოდ არ აღმოიფხვრება.






ბეჭდვა