ფინანასთა მინისტრის პირველი მოადგილის პაპუნა პეტრიაშვილის განცხადებით, სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაზე სარეზერვო ფონდების დაცარიელება გაუმართლებელი იქნებოდა.
ამის შესახებ პეტრიაშვილმა დღეს, საპარლამენტო ფრაქცია „ერთობა სამათლიანობისთვის“ წევრებთან საბიუჯეტო ცვლილებების განხილვისას განაცხადა.
მისი შეფასებით, შვიდი თვის შემდეგ პრეზიდენტის და მთავრობის სარეზერვო ფონდებში დარჩენილია ჯამში 42 მლნ ლარი და ამაში ის ცუდს ვერაფერს ხედავს.
„წელი 19 ივლისით არ მთავრდება, ამიტომ მთლიანად სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის თანხები სარეზერვო ფონდებიდან, რომ გაგვეხარჯა სწორი არ იქნებოდა. საარჩევნო პერიოდში ბიუჯეტში ცვლილებების განხორცილების უფლება აღარ გვექნება, შესაბამისად ქვეყანას რეზერვის გარეშე ვერ დავტოვებდით“ - აღნიშნა პეტრიაშვილმა.
მისივე თქმით, ამის გათვალისწინებით მთავრობამ საჭიროდ ჩათვალა, რომ საბიუჯეტო ცვლილებების განხორცილება ამ ეტაპზე უფრო მიზანშეწონილია, ვიდრე ფონდებიდან დარჩენილი 42 მილიონის გატანა.
დღეს, პარლამენტში სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტის განხილვა დაიწყო, რომელსაც რიგგარეშე სესიაზე 25 ივლისს დაამტკიცებენ.
