ირაკლი კობახიძე პარლამენტში შს მინისტრისა და მთავარი პროკურორის დაბარების საფუძველს ვერ ხედავს
ირაკლი კობახიძე პარლამენტში შს მინისტრისა და მთავარი პროკურორის დაბარების საფუძველს ვერ ხედავს
14:20 03.10.2018
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე უმცირესობის წევრთა განცხადებას „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე პარლამენტში შს მინისტრისა და მთავარი პროკურორის დაბარების საკითხს გამოეხმაურა.


„იმ პირობებში, როდესაც არათუ საფუძვლიანი ეჭვი, უსაფუძვლო ეჭვის საფუძველიც კი არ არსებობს, მე პირადად ვერ ვხედავ ამ ეტაპზე ვერავის დაბარების საჭიროებას. აქედან გამომდინარე, აქ მე შუამავლად ვერ გამოვდგები. ეს არის თქვენი პოზიცია. შეგიძლიათ, მათ მოუწოდოთ, რომ მონაწილეობა მიიღონ შესაბამის მოსმენაში. ჩემი პოზიცია გაგაცანით, დანარჩენი კი შესაბამისი ორგანოების საქმეა. რაც შეეხება კონკრეტულად ამ საქმეს, მტკიცებითი ფორმით არ გირჩევთ საუბარს და მით უმეტეს, არ გირჩევთ ისეთი ბრალდებების წამოყენებას, რომელსაც თქვენ აყენებთ. ეს ყველაფერი ჩვენ 2012 წელს ჩავაბარეთ. ბიურო არ არის ამის ადგილი. ბიურო არ არის ამის განხილვის ადგილი. რაზეც თქვენსაუბრობთ, ტოტალური კორუფცია, სისტემური კორუფცია, ელიტური კორუფცია, ძალადობა და ასე შემდეგ, ეს არის 2012 წლამდე ხელისუფლების ხელწერა და ეს ჩვენ ჩავაბარეთ წარსულს“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით გამოძიება დაწყებულია და შესაბამისი პირები დაბარებულები არიან.

„გამოძიება არის დაწყებული, არიან დაბარებული შესაბამისი პირები, რომლებიც არიან ამ საუბრების მონაწილეები და ორივე თავს იკავებს იქ საუბრისგან, რაც ბუნებრივია, ეჭვებს ბადებს. ამ ეჭვებზე ისაუბრეთ თქვენ და არა იმ ეჭვებზე, რომლებზეც საუბრობთ. ეჭვები იქ არის და არა აქ“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ბიუროს სხდომაზე, პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა უმცირესობის წევრთა კიდევ ერთ განცხადებასაც, რომელიც ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილ საგამოძიებო კომისიის დასკვნაში ასახული რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით, პარლამენტში შსს მინისტრისა და მთავარი პროკურორის დაბარებას ეხებოდა.

„აბსოლუტურად გახსნილი იყო როგორც ერთი, ისე მეორე ორგანო. ისინი მოდიოდნენ საგამოძიებო კომისიის ფარგლებში და აბსოლუტურად ყველა კითხვაზე გაგცეს პასუხი და დარწმუნებული ვარ, რომ ასე მოვლენ და გაგცემენ ყველა კითხვაზე პასუხს. იქაც მტკიცებითი ფორმით საუბარი იმაზე, რომ ვიღაც დანაშაულის მონაწილეა, ფაქტობრივად, ახლა თქვენ დანაშაული დააბრალეთ კონკრეტულ პირებს, თან არასრულწლოვანს. როდესაც ასე ამბობთ, რომ იქ არის ჯგუფურ დანაშაულში მონაწილე პირი, მაშინ თქვით,რომ ჩვენი ეჭვის საფუძველზე.

რაც შეეხება საგამოძიებო კომისიის საქმეს, აქ არავის არ აქვს არც მოსვლის პრობლემა, არც კითხვებზე პასუხის გაცემის პრობლემა და ეს მოხდა საგამოძიებო კომისიის ფარგლებში და იგივე მოხდება ახლაც. და მიზეზი ზუსტად ის არის, რომ დასამალი აქ არაფერი არ არის დაყველაფერი არის ნათელი, ყველაფერი არის ცხადი. არავის არავისთვის ხელი არ დაუფარებია და საბოლოო ჯამში, ამ დასკვნამდე მივიდა რეალურად კომისიაც, ოღონდ სხვანაირად წერია და მესმის აბსოლუტურად პოლიტიკური კონიუქტიურიდან გამომდინარე, რომ სხვანაირი დასკვნა თქვენგან ვერ დაიდებოდა, მით უმეტეს, ამ სარჩევნო პროცესში, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რაც არაერთხელ მითქვამს, რომ საბოლოო შედეგი, ნიუანსებს თუ არ ჩავთვლით, თქვენი კომისიის მუშაობის და საგამოძიებო ორგანოების მუშაობის, იყო ერთი და იგივე. ამაზეა საუბარი და არა ნიუანსებზე და დეტალებზე“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძის განცხადებით უმრავლესობასა და უმცირესობას განსხვავებული პოზიციები აქვს, თუმცა, პარლამენტის თავმჯდომარემ აქვე აღნიშნა, რომ ამასთან დაკავშირებით, საჭიროა დამატებით საუბარი.

„ე.ი. ვთანხმდებით და ვთანხმდებით რაზე: ერთი, რაც შეეხება საგამოძიებო კომისიის მუშაობას, სამი თვის განმავლობაში სერიოზული მუშაობა გასწია საგამოძიებო კომისიამ, მე ეს შეფასება პლენარულ სხდომაზეც გავაკეთე, როდესაც დასრულდა ანგარიშის წარდგენა საგამოძიებო კომისიის მხრიდან, შესაბამისად, შეფასება ეს არის და არის მნიშვნელოვანი ნიუანსები, რომლებიც გამოვლინდა საგამოძიებო კომისიის მუშაობის შედეგად, მათ შორის, შესაძლებელია, რა თქმა უნდა, ამის საფუძველზე, ხარვეზებზე საუბარიც. რაც შეეხება ამ დასკვნებს, რაც თქვენ თქვით, იქ გვაქვს განსხვავებული პოზიციები, თუმცა, გეთანხმებით, რომ ამაზე არის დამატებით საჭირო საუბარი და ამას არ მოერიდება, მე დარწმუნებული ვარ, არც შინაგან საქმეთა მინისტრი და არც მთავარი პროკურორი. ამიტომ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ ჩემს პოზიციას ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ რა თქმა უნდა, უნდა მოვიდნენ როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი, ასევე, მთავარი პროკურორი. არის კითხვები, თუ არის კითხვები, ამ კითხვებს გაეცემა მათი მხრიდან პასუხი და ამის საფუძველზე დავადგენთ ერთად, სად არის ჭეშმარიტება და სად არ არის ჭეშმარიტება, ანუ, გამოდის, რომ საერთო პოზიცია გვაქვს ამ საკითხთან დაკავშირებით“,-მიმართა უმცირესობის წევრებს პარლამენტის თავჯდომარემ.


ბეჭდვა