„ერთობა სამართლიანობისთვის“ მთავრობას სარეზერვო ფონდებიდან ფულის „ჭამაში“ ადანაშუალებს
„ერთობა სამართლიანობისთვის“ მთავრობას სარეზერვო ფონდებიდან ფულის „ჭამაში“ ადანაშუალებს
13:55 24.07.2012
საპარლამენტო ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ მთავრობას სარეზერვო ფონდებიდან ფულის „შეჭმაში“ ადანაშუალებს.

სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტის განხილვისას ფრაქციის წევრებმა ფინანსთა მინისტრის პირველ მოადგილეს პაპუნა პეტრიაშვილს მთავრობისა და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდებიდან გახარჯული თანხების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება მოსთხოვეს. მინისტრის მოადგილემ კი, დეპუტატებს განუცხადა, რომ თვის ბოლოს პარლამენტში ბიუჯეტის 6 თვის შესრულების შესახებ ინფორმაცია შევა, სადაც სარეზერვო ფონდებიდან გახარჯული თანხებიც იქნება გაწერილი.

„სარეზერვო ფონდებში ფული ნამდვილად არის. დღეის მდგომარეობით, ფონდებში 40 მილიონ ლარზე მეტია. სანამ ბიუჯეტში ცვლილება შევიდოდა მთავრობის სარეზერვო ფონდიდან კახეთში, სამცხე–ჯავახეთსა და მცხეთა-მთიანეთში სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის პირველი ეტაპისთვის 5 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო. სარეზერვო ფონდების დეტალურად ხარჯვის ანგარიში არ მაქვს წამოღებული, რადგან მე აქ ბიუჯეტში ცვლილებების განხორციელების განსახილველად მოვედი და არა სარეზერვო ფონდებზე სასაუბროდ“ – აღნიშნა პეტრიაშვილმა.

მინისტრის მოადგილის გამოსვლას ჯონდი ბაღათურია გამოეხმაურა და ფინანსთა სამინისტროსგან დეტალური ანგარიში მოითხოვა 60 მილიონი ლარის ხარჯვასთან დაკავშრებით, რომელიც მხოლოდ გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის და ბუნებრივი კატასტროფებისთვის უნდა იყოს გამოყენებული.
„მობრძანებული ხართ საბიუჯეტო ცვლილებებზე მხოლოდ იმიტომ, რომ სარეზერვო ფონდებში ფული უკვე შეჭმული გაქვთ და არ გინდათ ახლა ამაზე ისაუბროთ?! მაინტერესებს, რატომ იხარჯება სააკაშვილის ტაშ-ფანდურში და კონცერტებში ეს ფული“ – მიმართა ბაღათურიამ პეტრიაშვილს და იქვე მოუწოდა დაურეკოს „თავის უფროსს“ და სარეზერვო ფონდების ხარჯვითი ნაწილის მონაცემები მიაწოდონ.

ამას პეტრიაშვილის პასუხი მოჰყვა, რომელმაც ბაღათურიას განუცხადა, რომ მისი საქმეა ვის დაურეკავს და რას გააკეთებს.

„თქვენ არ ხართ ჩემი უფროსი მიმითითოთ რა გავაკეთო და ვის უნდა დავურეკო. თუ არ გინდათ ბიუჯეტის ცვლილებებზე საუბარი მაშინ დავამთავროთ. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ არ გაინტერესებთ, როგორ აპირებს ხელისუფლება სტიქიის შედეგების ლიკვიდაციას“ – მიმართა ბაღათურიას ფინანსთა მინისტრის მოადგილემ და აქვე აღნიშნა, რომ სარეზერვო ფონდებიდან ერთი თეთრიც არ მოხმარებია პრეზიდენტის მივლინებებს და ფონდის ხარჯები სრულიად კანონიერია.

ამასთან, ფრაქციის წევრებმა პეტრიაშვილს მიმართეს, რომ თუ მას არ აქვს კონკრეტულ კითხვებზე პასუხი, მაშინ კარგი იქნება სარეზერვო ფონდებიდან გახარჯული 60 მილიონის შესახებ მოხსენება ფინანსთა მინისტრს წარედგინა, რაზეც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ სარეზერვო ფონდების ხარჯები ბიუჯეტის 6 თვის ანგარიშთან ერთად წარედგინება საკანონმდებლო ორგანოს.


ბეჭდვა