ლონდონში 30-ე ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე საქართველოს პრეზიდენტის დასწრების საკითხი ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის.
პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ დღეს წარმატება და გამარჯვება უსურვა ქართველ ოლიმპიელებს და აღნიშნა, რომ სასურველია, ქართული დროშა რაც შეიძლება მეტჯერ აღიმართოს ყველაზე მაღლა.
პრეზიდენტი სააკაშვილი საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებს გუშინ შეხვდა.
ლონდონის ოლიმპიადაზე 35 ქართველი სპორტსმენი სპორტის 12 სახეობაში იასპარეზებს.
ოლიმპიადა 27 ივლისს გაიხსნება. ქართული ნაკრების მედროშე და კაპიტანი ტყვიის მსროლელი ნინო სალუქვაძეა. ქართველი ოლიმპიელები ლონდონში 25 ივლისს გამთენისას გაემგზავრებიან.
