სტიქიის შედეგად კახეთის რეგიონში 3 ათასამდე საცხოვრებელი სახლია დაზიანებული და აქედან 80% -ზე უკვე აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.
ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, კახეთში 28 ათას ოჯახს უნდა მიეღო სასურსათო კალათა და დღეის მდგომარეობით, უკვე 14 ათასზე მეტს დაურიგდა. რაც შეეხება შხამ-ქიმიკატებს, მანჯგალაძის განცხადებით, იგი ყველა დაზარალებულს გადაეცა.
„სულ სავარგულები დაუზიანდა 13 ათას ოჯახს და პრაქტიკულად, ყველა დაზარალებულმა საჭიროების მიხედვით, მიიღო საწვავის ტალონი, რომელიც ერთ ჰექტარზე 10 ლიტრს ითვალისწინებს“ - განაცხადა მანჯგალაძემ.
საბიუჯეტო ცვლილებებზე საუბრისას პრეზიდენტის პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ სულ საბიუჯეტო ცვლილებებით გათვალსიწინებულია 160 მლნ ლარის მობილიზება. აქედან, 50 მილიონით დაფინანსდება სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ საჭირო გადაუდებელი ღონისძიებები - დაზიანებული სახლების რეაბილიტაცია, მოსახელეობის საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფა და სასოფლო-სამეურენო სავარგულების მფლობელებისთვის კომპენსაციის გაცემა.
მისივე თქმით, იზრდება კახეთის სოციალურ-ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული განვითარების პროგრამა, რომლის ასიგნება 110 მილიონ ლარს მიაღწევს.
მანჯგალაძის თქმით, საქართველოს მთავრობა მაქსიმალური მობილიზაციის პირობებში მუშაობს.
