ვიცე პრემიერ-მინისტრი გიორგი ბარამიძე ბრიუსელში ევროკავშირის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ყოველწლიურ მინისტერიალში მონაწილეობს.
როგორც „ნიუსპრესს“ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს, გიორგი ბარამიძემ მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში მიღწეულ პროგრესზე, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ წარმატებით მიმდინარე მოლაპარაკებებზე.
ბარამიძემ ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის შესახებ გასულ თვეში დაწყებულ დიალოგსა და საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის პერსპექტივების შესახებაც ისაუბრა.
ვიცე პრემიერ-მინისტრმა ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებზეც გაამახვილა ყურადღება და ხაზი გაუსვა საქართველო-რუსეთის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირების აუცილებლობასა და ამ პროცესში ევროკავშირის აქტიური მონაწილეობის მნიშვნელობას.
შეხვედრას საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკომისიის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ქეთრინ ეშტონი და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი შტეფან ფულე, ასევე, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებისა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები ესწრებოდნენ.
მინისტრთა შეხვედრაზე ერთობლივი განცხადება შეიმუშავეს - „საგზაო რუქის“ შესახებ, რომელიც ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პრიორიტეტების განხორციელების მონიტორინგის ინსტრუმენტს წარმოადგენს.
