გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე ლაშა თორდიას კანდიდატურა განიხილება
გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე ლაშა თორდიას კანდიდატურა განიხილება
11:45 24.07.2012
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ახალი ხელმძღვანელის თანამდებობაზე საპარლამენტო უმრავლესობის ერთ–ერთი ლიდერი ლაშა თორდია სახელდება.  
გავრცელებული ინფორმაციით, მის კანდიდატურას უახლოეს დღეებში პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე წარადგენს, თუმცა, ოფიციალური კომენტარები აღნიშნულთან დაკავშირებით ამ დრომდე არ კეთდება.
ლაშა თორდია ამ დროისთვის პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეა.
„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ” კანონის მიხედვით, გენერალურ აუდიტორს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით, 5 წლის ვადით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით საქართველოს პარლამენტი ნიშნავს.
ბეჟაშვილის ნაცვლად, სახელმწიფო აუდიტის ახალი თავმჯდომარის დანიშვნის შემთხვევაში კი, პარლამენტის კიდევ ერთი რიგგარეშე პლენარული სხდომის მოწვევა გახდება საჭირო.
ლევან ბეჟაშვილმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება გუშინ გააკეთა, რომლის მიზეზად, კახეთში მომხდარი სტიქია და მისი მხრიდან მოსახლებისთვის გვერდით დგომა დაასახელა. გავრცელებული ინფორმაციით, ბეჟაშვილის შემცვლელად მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელი ნათია მოგელაძეც სახელდებოდა, თუმცა, დღეს თორდიას კანდიდატურა გამოიკვეთა.

ბეჭდვა