ნინო გოგუაძე: კარგია, რომ როგორც საქართველოს პრემიერი, ასევე მსოფლიო ქვეყნების ლიდერები რუსეთზე, როგორც აგრესორზე საუბრობენ
ნინო გოგუაძე: კარგია, რომ როგორც საქართველოს პრემიერი, ასევე მსოფლიო ქვეყნების ლიდერები რუსეთზე, როგორც აგრესორზე საუბრობენ
17:04 28.09.2018
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ნინო გოგუაძის განცხადებით პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაზე საქართველო საერთაშორისო საზოგადოებას დიდ კონტექსტში დაანახა.
იგი მიესალმება იმ ფაქტს, რომ მსოფლიოს ქვეყნების ლიდერები რუსეთზე, როგორც აგრესორზე საუბრობენ.

“საქართველოს პრემიერმა ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესები საერთაშორისო საზოგადოებას ერთ დიდ კონტექსტში დაანახა - ერთის მხრივ, საქართველო, რომლის ტერიტორიები რუსეთის მიერ ოკუპირებულია, და რომელიც რუსეთის აგრესიის უმძიმეს შედეგებს ყოველდღიურად განიცდის, და მეორე მხრივ, საქართველო, როგორც დემოკრატიული რეფორმების ქვეყანა, რომელსაც უნიკალური როლი და რეალური შესაძლებლობა აქვს, იყოს მთავარი ფაქტორი რეგიონში უსაფრთხოების და სტაბილურობის განმტკიცებისთვის და ასევე, ეკონომიკური პროცესების განვითარებისთვის.

კარგია, რომ როგორც საქართველოს პრემიერი, ასევე მსოფლიო ქვეყნების ლიდერები, მათ შორის ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი, ესტონეთის და უკრაინის პრეზიდენტები, ცალსახად საუბრობენ რუსეთზე, როგორც აგრესორზე და საფრთხეზე მსოფლიოს ბევრი ქვეყნისთვის და აღიარებენ, რომ საერთაშორისო საზოგადოება და გაერო ვერ არის ეფექტური დროულად და ადექვატურად უპასუხოს ამ საფრთხეებს.

იმედი მაქვს, რომ მსოფლიო ლიდერების ეს განცხადებები კონკრეტულ მოქმედებებში გადაიზრდება და არსებული საერთაშორისო წესრიგის დამცველი და გარანტი ეს ორგანიზაცია უფრო ეფექტიანად გაუმკლავდება რუსეთის აგრესიას დამოუკიდებელი ქვეყნების მიმართ”, - განაცხადა ნინო გოგუაძემ.

ბეჭდვა