თორნიკე გორდაძე ბრიუსელში ევროკომისიის წარმომადგენლებს შეხვდა
თორნიკე გორდაძე ბრიუსელში ევროკომისიის წარმომადგენლებს შეხვდა
19:24 23.07.2012
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თორნიკე გორდაძე სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში იმყოფებოდა.
ვიზიტის ფარგლებში, მან შეხვედრები ევროკომისიის საშინაო საქმეთა გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელთან სტეფანო მანსერვისისთან და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალურ მდივანთან პიერ ვიმონთან გამართა.
საგარეო უწყების ინფორმაციით, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმზე საქართველო-ევროკავშირის დიალოგის ოფიციალურად გახსნის შემდეგ, სტეფანო მანსერვისისთან თორნიკე გორდაძის პირველი შეხვედრა უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის რანგში გაიმართა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული ჯგუფი საქართველოს მიერ განსახორციელებელ ქმედებათა დაგეგმვისა და კოორდინაციის მიზნით ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მიმართულებით შეიქმნა.
შეხვედრისას მხარეებმა საქართველო-ევროკავშირის სავიზო დიალოგის მიმდინარეობა განიხილეს.
საგარეო უწყების ინფორმაციით, შეთანხმდა, რომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით, ევროკომისია ორგანიზებას გაუწევს ევროკავშირის ექსპერტთა მისიის საქართველოში გამოგზავნას 2012 წლის სექტემბერში. ასევე, შეხვედრისას ქართულ მხარეს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის დიალოგის მოქმედების წესები გადაეცა.

ბეჭდვა