პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია პარიზში
გაემგზავრება, სადაც 27-28 სექტემბერს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის კომიტეტის სხდომა გაიმართება.
ორი დღის განმავლობაში, კომიტეტის წევრები ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში თურქეთიდან, ნორვეგიიდან და ალბანეთიდან წარდგენილ კანდიდატებს გაესაუბრებიან, რის შემდეგაც გაიმართება დისკუსია და ჩატარდება ხმის მიცემის პროცედურა.
დღის წესრიგის თანახმად, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მოსამართლის პოზიციაზე ასარჩევი კანდიდატურებისთვის მოთხოვნილ კრიტერიუმებთან დაკავშირებით კომიტეტის წევრები მოსაზრებებს გაცვლიან. დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტი გუიდო რაიმონდი.
დაგეგმილია „ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მოსამართლეთა არჩევის პროცედურების“ ანგარიშის პროექტის განხილვა და რეზოლუციის პროექტის მიღება.
