სოფო კილაძემ საერთაშორისო კონფერენციაზე შრომის უსაფრთხოებისა და ინსპექტირების საკითხებზე ისაუბრა
სოფო კილაძემ საერთაშორისო კონფერენციაზე შრომის უსაფრთხოებისა და ინსპექტირების საკითხებზე ისაუბრა
14:01 26.09.2018
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე საერთაშორისო კონფერენციაზე „ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისობა შსო-ს 81-ე შრომის ინსპექციის შესახებ კონვენციასა და 1995 წლის შესაბამის პროტოკოლთან“ სიტყვით გამოვიდა.

„ჩემთვის დიდი პატივია აქ მოგმართოთ სიტყვით, რადგანაც ეს არის კონფერენცია, რომელიც ადამიანის უფლებების ერთ-ერთ ყველაზე უმნიშვნელოვანეს საკითხს ეხება და ადამიანურ ტრაგედიებს უკავშირდება. ეს საკითხი ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებით მწვავედ და აქტიურად იდგა ჩვენი პოლიტიკური გუნდის დღის წესრიგში. სამწუხაროდ, ჩვენ ვნახეთ არაერთი დაღუპული და დასახიჩრებული ადამიანი სამუშაო ადგილზე“, - განაცხადა სოფო კილაძემ.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, დეპუტატის თქმით, პასუხისმგებლიანი ხელისუფლების ამოცანაა, შექმნას ისეთი სამართლებრივი სისტემა, რომელიც მინიმუმამდე დაიყვანს ამ რისკებს და ქვეყანას ასეთ ადამიანურ ტრაგედიებს თავიდან ააცილებს.

„ჩვენი საზრუნავია ადამიანი, მისთვის უსაფრთხო გარემოს, ღირსეული შრომის პირობების შექმნა, და ეს, რა თქმა უნდა, არის პირველ რიგში ხელისუფლების პასუხისმგებლობა. ამ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, ჩვენ ბოლო წლებში ცვლილებების რამდენიმე პაკეტი შევიმუშავეთ. ერთი, რომელიც წელს მივიღეთ, უკვე ამოქმედდა. ჩვენ უკვე აქტიური დისკუსია გვაქვს პარლამენტში ცვლილებების ახალი პაკეტის ირგვლივ, რომელიც სწორედ შრომის ინსპექციას, 1947 წლის კონვენციას და 1955 წლის ოქმს უკავშირდება. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, გვყავდეს ძლიერი შრომის ინსპექცია, რომელიც უზრუნველყოფს იმ მატერიალურ-სამართლებრივი უფლებების მონიტორინგს, რომელიც უკვე გვაქვს კანონმდებლობაში. მთავარი არის, რომ მან შეასრულოს თავისი ვალდებულება, ჰქონდეს ფართო უფლებამოსილება და ამით მაქსიმალურად დავიცვათ თითოეული დასაქმებულის უფლებები“, - აღნიშნა სოფო კილაძემ.

მისი ინფორმაციით, საშემოდგომო სესიის დასრულებამდე საქართველოს პარლამენტი აღნიშნული ცვლილებების პაკეტს მიიღებს. „დარწმუნებული ვარ, რომ ეს შექმნის უსაფრთხოების და შრომითი უფლებების დაცვის ძალიან მყარ გარანტიებს“, - განაცხადა დეპუტატმა.

ორ დღიანი რეგიონალური კონფერენცია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ILO პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის ITUC და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების GTUC ორგანიზებით იმართება.



ბეჭდვა