ირაკლი კობახიძე ფრანგ სენატორებს შეხვდა
ირაკლი კობახიძე ფრანგ სენატორებს შეხვდა
13:30 26.09.2018
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე საფრანგეთის რესპუბლიკის სენატის წევრებს, რენე დანესის და ჟიზელ ჟურდას შეხვდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ირაკლი კობახიძემ სენატორებს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მან საფრანგეთის განვითარების სააგენტოს საქმიანობის მნიშვნელობა აღნიშნა, რომელიც, მისი შეფასებით, პოზიტიურ როლს ასრულებს საპენსიო რეფორმის განხორციელებისა და კერძო სექტორში კონკურენტუნარიანობის გაზრდის პროცესში.

პარლამენტის თავმჯდომარემ რენე დანესის და პასკალ ჟურდას საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები გააცნო. სტუმრების კითხვების პასუხად, ირაკლი კობახიძემ ქვეყანასა და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე, ქვეყნის ეკონომიკურ პოლიტიკასა და დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესზე ისაუბრა.

ფრანგი სენატორები ქვეყნის ხელისუფლების პრაგმატულ მიდგომებს მიესალმნენ, როგორც საგარეო, ასევე, საშინაო პოლიტიკაში. რენე დანესიმ და ჟიზელ ჟურდამ პარლამენტის თავმჯდომარეს საფრანგეთის სახელით მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურეს.



ბეჭდვა