ვახტანგ მახარობლიშვილი: სუამის მინისტერიალზე საგარეო საქმეთა მინისტრებმა ყველა აქტუალური თემა განიხილეს
ვახტანგ მახარობლიშვილი: სუამის მინისტერიალზე საგარეო საქმეთა მინისტრებმა ყველა აქტუალური თემა განიხილეს
18:57 25.09.2018
გაერო-ს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის ფარგლებში ნიუ-იორკში საგარეო საქმეთა მინისტრების მონაწილეობით სუამის მინისტერიალი გაიმართა.

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ მახარობლიშვილმა განაცხადა, სუამის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების შესაძლებლობებზე ისაუბრეს.

„დღეს ნიუ-იორკში ტრადიციული სუამის მინისტერიალი გაიმართა, სადაც სუამის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ორგანიზაციის ფარგლებში ყველა აქტუალური თემა მიმოიხილეს, მათ შორის, რა თქმა უნდა, პოლიტიკური თანამშრომლობის ასპექტები, ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების შესაძლებლობები,“-განაცხადა ვახტანგ მახარობლიშვილმა.

როგორც მახარობლიშვილმა აღნიშნა, შეხვედრაზე მინისტრებმა ის სამოქმედო გეგმა განიხილეს, რომელიც ერთი წლის წინ საქართველოს თავმჯდომარეობის დროს დამტკიცდა. დაისახა კონკრეტული ღონისძიებები, რომელიც ორგანიზაციის მიერ სამომავლოდ განხორციელდება.

„რა თქმა უნდა განხილული იქნა ის ხედვა, ის სამოქმედო გეგმა, რომელიც ერთი წლის წინ საქართველოს თავმჯდომარეობის დროს იქნა წარმოდგენილი. მინისტრებმა ისაუბრეს თუ როგორ შეიძლება ხორცი შეესხას ამ ხედავს და რაღაც კონკრეტული ღონისძიებები დაისახოს,”-განაცხადა ვახტანგ მახარობლიშვილმა.

მინისტრის მოადგილის თქმით სუამის მინისტერიალზე, ასევე განხილული იქნა ოქტომბერში მოლდოვაში წევრი ქვეყნების პრემიერ-მინისტრების დონეზე დაგეგმილი შეხვედრა და მისი საორგანიზაციო საკითხები.


ბეჭდვა